ComCom-ის წევრმა ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის აღმასრულებელი საბჭოს 76-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ, ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის (EAO) აღმასრულებელი საბჭოს რიგით 76-ე შეხვედრასა და თავმჯდომარე ქვეყნის, ნორვეგიის, მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის აღმასრულებელი საბჭოს 76-ე შეხვედრის მიზანს 2027 წლის სამოქმედო გეგმის მიღება, 2027 წლის ბიუჯეტის დამტკიცება და EAO-ს აღმასრულებელი საბჭოს ბიუროს წევრების არჩევა წარმოადგენდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ობსერვატორიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეპარტამენტებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა წარადგინეს ინფორმაცია EAO-ს მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის შესახებ, 2026 წელს EAO-ს მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები და სხვა საორგანიზაციო საკითხები. გარდა ამისა, EAO-ს აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლებმა მიიღეს ვიდეო თამაშების საპილოტე პროექტის 2027 წლის სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი და, გადახედეს EAO-ს წესდება (Statute), საკონსულტაციო კომიტეტის (Advisory Committee) შემადგენლობა და შუალედური სტრატეგია (Mid-Term Strategy).
შეგახსენებთ, რომ ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ 1992 წლიდან ფუნქციონირებს და ევროპაში ფილმის, მაუწყებლობის და აუდიოვიზუალური ინდუსტრიის სფეროში არსებული ფაქტებისა და მონაცემების ანალიზს ახორციელებს. ამჟამად ორგანიზაცია აერთიანებს 41 წევრ სახელმწიფოსა და ევროკავშირს. საქართველო EAO-ს წევრი 2016 წელს გახდა, ხოლო 2024 წელს იყო EAO-ს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძეა.
