წვდომის მენიუ

ივნისი 12, 2026 14:06

ComCom-ის წევრმა ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის 75-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ, ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიისა და ნორვეგიის მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოს (Medietilsynet) ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში, თემაზე „არასრულწლოვანთა დაცვა ონლაინ ზიანისგან ღია და უსაფრთხო საჯარო სივრცეში“ და ასევე,  ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის (EAO) აღმასრულებელი საბჭოს რიგით 75-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

EAO-ს აღმასრულებელი საბჭოს 75-ე შეხვედრა 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშისა და 2026 წლის განახლებული ბიუჯეტის დამტკიცებას, 2027 წლის სამოქმედო გეგმისა და 2027 წლის საპროგნოზო ბიუჯეტის განხილვას, ასევე, ვიდეო თამაშების სტრატეგიის განახლებას მიეძღვნა.

სხდომის ფარგლებში, ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა და ადმინისტრაციის უფროსმა წარადგინეს ინფორმაცია 2025 წელს EAO-ს მიერ განხორციელებულ პროექტების, ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებებისა და სხვა საორგანიზაციო თუ ფინანსური საკითხების თაობაზე. ღონისძიებაზე ასევე, განხილული იყო აღმასრულებელი საბჭოს შემდეგი შეხვედრა, რომელიც 2026 წლის ნოემბერში გაიმართება.

EAO-ს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში, კი მარეგულირებელი ორგანოებისა და წევრი სახელმწიფოების  წარმომადგენლებმა გამართეს დისკუსია ციფრულ გარემოსა და მედიაში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის გზებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. ამასთან, კონფერენციის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიებისა და სესიების დროს, ძირითადი ყურადღება დაეთმო ონლაინ სივრცეში დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით მარეგულირებელი ჩარჩოების გაძლიერების საკითხსა და სკანდინავიის ქვეყნების მაგალითზე საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების თემას.

შეგახსენებთ, რომ ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ 1992 წლიდან ფუნქციონირებს და ევროპაში ფილმის, მაუწყებლობის და აუდიოვიზუალური ინდუსტრიის სფეროში არსებული ფაქტებისა და მონაცემების ანალიზს ახორციელებს. ამჟამად ორგანიზაცია აერთიანებს 41 წევრ სახელმწიფოსა და ევროკავშირს.

საქართველო EAO-ს წევრი 2016 წელს გახდა, ხოლო 2024 წელს იყო EAO-ს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძეა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები