წვდომის მენიუ

ნოემბერი 26, 2025 15:29

ComCom-ის წარმომადგენლებმა მსოფლიო ტელეკომუნიკაციების განვითარების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, და ComCom-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, მონაწილეობა მიიღეს ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირისა (ITU) და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს (Mincom) მიერ ორგანიზებულ მსოფლიო ტელეკომუნიკაციების განვითარების კონფერენციაში (WTDC-25), რომლის მთავარ თემას „უნივერსალური, მნიშვნელოვანი და ხელმისაწვდომი დაკავშირებადობა ინკლუზიური და მდგრადი ციფრული მომავლისთვის“ წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში ComCom-ის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს  WTDC-25-ის  თავმჯდომარესთან, ამერიკის შეერთებული შტატების, რუმინეთის, იორდანიის, გერმანიისა და საფრანგეთის მარეგულირებელი ორგანოების, ასევე Cullen International-ისა და მობილური კომუნიკაციების გლობალური სისტემის ასოციაციის (GSMA) წარმომადგენლებთან, რომელთაც საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი ციფრული ეკოსისტემის  ხელშეწყობის მიმართულებით, ComCom-ის მიერ გაწეული ძალისხმევა და მიღწეული პროგრესი გააცნეს. ამასთან, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს კოლეგა მარეგულირებლების საუკეთესო პრაქტიკისა და ახალი ინიციატივების შესახებ, რაც სამომავლოდ ინსტიტუციური განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

საგულისხმოა, რომ სამუშაო შეხვედრები ასევე გაიმართა ITU-ს გენერალურ მდივანთან, დორინ ბოგდან-მარტინთან და ITU-ს ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს (BDT) დირექტორთან, კოსმას ზავაზავასთან, რომლებმაც საქართველოს წარმომადგენლებს ITU-ს ინიციატივებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ საქართველო ITU-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ღონისძიების ფარგლებში ეკატერინე იმედაძემ მონაწილეობა მიიღო ITU-D-ის ქალთა ქსელის (NoW) სამუშაო შეხვედრაში, სადაც დელეგატმა ქალებმა განიხილეს ტელეკომუნიკაციების სფეროში ქალთა როლის გაძლიერების გზები, გენდერული ბალანსის ხელშეწყობა და ციფრული და ლიდერული უნარების განვითარების მნიშვნელობა.

გარდა ამისა, WTDC-25-ის ფარგლებში ჩატარდა ITU-ს კომიტეტების სამუშაო შეხვედრები, სადაც განხილული იყო ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის საორგანიზაციო საკითხები (ბიუჯეტი, სტრატეგიული გეგმები) და განისაზღვრა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიები, რაც ITU-ს ტელეკომუნიკაციების განვითარების სექტორს (ITU-D) სამომავლო საქმიანობის დაგეგმვაში შეუწყობს ხელს.

ღონისძიება ეძღვნებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, როგორებიცაა: გლობალური ტელეკომუნიკაციებისა და ციფრული განვითარების ხელშეწყობის გზები; ციფრულ ტექნოლოგიებზე მსოფლიოს მოსახლეობის წვდომის გაუმჯობესება; დაკავშირებადობის ხარვეზების აღმოსაფხვრელად მარეგულირებლების ვალდებულებების განსაზღვრა; მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ტელეკომუნიკაციების განვითარების მიმართულებით არსებული ტენდენციები, გამოწვევები და შესაძლებლობები; ციფრული ინკლუზიის ხელშეწყობა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება.

შეგახსენებთ, რომ WTDC-25 წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მთავრობების, მარეგულირებლების, ინდუსტრიის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ციფრულ სფეროში დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს. ღონისძიება ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და ITU-ს სამომავლო პრიორიტეტების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრას ისახავს მიზნად.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები