ComCom-ის წარმომადგენლებმა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციაზე დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის თანაორგანიზებით გამართულ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ComCom-ის წარმომადგენლებმა პანელურ დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით კომისიის პროექტებზე ისაუბრეს.
ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ პანელურ დისკუსიაში „მომხმარებლის დაცვის გლობალური ტრანსფორმაცია: ახალი რისკები, რეგულირების თანამედროვე მიდგომები და საერთაშორისო თანამშრომლობა“ მიიღო მონაწილეობა. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა საზოგადოებას მომხმარებელთა მომართვიანობისა და საჩივრების თემატიკის შესახებ სტატისტიკა წარუდგინა. გვანცა ჩხეიძემ ყურადღება გაამახვილა იმ აქტივობების შესახებ, რომლებსაც დამცველის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, მომხმარებელთა ინფორმირებულობისა და მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ატარებს.
ასევე გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „კონცენტრაციების კონტროლი დინამიურ ეკონომიკაში: ინოვაციის, საბაზრო ძალაუფლებისა და სტრუქტურული მთლიანობის ბალანსი“, რომელში მონაწილეობაც კომუნიკაციების კომისიის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე სიჭინავამ მიიღო. სიჭინავამ ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის განვითარების მიზნით მიმდინარე კომპლექსური კვლევის წინასწარი შედეგები მიმოიხილა. მან დეტალურად ისაუბრა კომპლექსური კვლევის შესახებ, რომელიც ევროკავშირის სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზის მიდგომებსა და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება. კვლევის მიზანია ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის განვითარება, ახალი მოთამაშეებისთვის შესვლის ბარიერების შემცირება, მომხმარებლებისთვის ხარისხიანი და მრავალფეროვანი მომსახურებების ხელმისაწვდომობის ზრდა და საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება.
ამავე დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო პიტერ ლანდიმ, რომელიც აღნიშნული კომპლექსური კვლევის ექსპერტია. ლანდიმ საზოგადოებას საერთაშორისო პრაქტიკა, მარეგულირებელი ჩარჩო და ევროპული სტანდარტები წარუდგინა.
შეგახსენებთ, რომ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ტარდება. ყოველწლიური კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება, ამ სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება საერთაშორისო და ადგილობრივი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.
