ComCom-ის წარმომადგენლებმა ფინელ კოლეგებთან მედიაწიგნიერების საკითხებზე შეხვედრები გამართეს

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ, მედიაწიგნიერების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ დახუნდარიძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, მედიაწიგნიერების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ამ კუთხით, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ფინელ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.
შეხვედრებში მონაწილეობას იმ უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ, რომლებიც მედიაწიგნიერების სფეროში პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაზე არიან პასუხისმგებლები, მათ შორის: ფინეთის ეროვნული აუდიოვიზუალური ინსტიტუტის (KAVI) წარმომადგენელი, Finnish Safer Internet Centre-ის პროგრამის დირექტორი, ფინეთის მედიაგანათლების საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი და ფინეთის განათლების ეროვნული სააგენტოს (EDUFI) წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა ფინელ კოლეგებს გააცნეს მედია და ციფრული წიგნიერების სფეროში საქართველოში არსებული სიახლეები, მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის მიდგომები, პროექტები და მიღწეული შედეგები. თავის მხრივ, შეხვედრებზე ComCom-ის წარმომადგენლებმა ფინეთში მედიაწიგნიერების პოლიტიკის განსაზღვრის, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებისა თუ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების შესახებ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
საგულისხმოა, რომ ფინეთს მედია განათლების 50 წლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში 2000 წლიდანაა ინტეგრირებული. საქართველოში კი, ComCom-ის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, მესამე წელია, მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში ინტეგრირდა და საგანს უკვე 227 სკოლა ასწავლის. აღნიშნულ პროცესში მეტი სკოლისა და დაინტერესებული მხარეების ჩართვისთვის, კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, კოლეგა ორგანიზაციებთან გამოცდილების გაზიარება ერთ-ერთი პრიორიტეტია.