წვდომის მენიუ

დეკემბერი 12, 2025 13:42

ComCom-ის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ, და კომუნიკაციების კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის (CDMSI) 28-ე პლენარულ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.

სხდომა 2026 წლისთვის CDMSI-ის საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრის, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეროვნული მედია და საინფორმაციო წიგნიერების განვითარების სტრატეგიების განხილვას დაეთმო. ამასთან ერთად, ღონისძიებაზე განიხილეს ორი ახალი ექსპერტთა კომიტეტის: ონლაინ სივრცეში მედია პლურალიზმის დაცვისა და პლატფორმებზე დაფუძნებულ გარემოში მედია მარეგულირებლების როლის საკითხზე არსებული კომიტეტების საქმიანობა. საგულისხმოა, რომ პლენარულ სხდომაზე ასევე ჩატარდა CDMSI-ის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, ბიუროსა და ექსპერტთა კომიტეტების წევრების არჩევნები.

გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში CDMSI-ის ონლაინ უსაფრთხოებისა და კონტენტის შემქმნელთა და მომხმარებელთა გაძლიერების ექსპერტთა კომიტეტის (MSI-eSec) წარმომადგენელმა კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, ხოლო გამოხატვის თავისუფლებაზე გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესახებ ექსპერტთა კომიტეტის (MSI-AI)  წარმომადგენელმა კომიტეტის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტის პროექტი წარადგინეს.

სხდომაზე CDMSI-ის წევრებს შესაბამისი ორგანიზაციების საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებზე ინფორმაცია წარუდგინეს UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების ალიანსის, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, საინფორმაციო მედიის კოალიციის, ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის, ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების მეგობართა ჯგუფის, ასევე, ჟურნალისტიკის დაცვისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების ხელშეწყობის პლატფორმისა და EPRA-ს წარმომადგენლებმა.

შეგახსენებთ, რომ CDMSI არის ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ მოქმედი კომიტეტი, რომელიც მუშაობს მედიის თავისუფლების, პლურალიზმის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინტერნეტის მმართველობისა და ციფრულ გარემოში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე. CDMSI-ის მმართველ კომიტეტში საქართველოს წარმომადგენელი ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძეა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები