ComCom-ის წარმომადგენლებმა EPRA-ს რიგით 61-ე შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ და მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ქორიძემ, მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) რიგით 61-ე შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც EPRA-ს ახალი ხელმძღვანელობის არჩევასა და მედიის რეგულირების სფეროში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე მსჯელობას ისახავდა მიზნად. საგულისხმოა ისიც, რომ ღონისძიება ორგანიზაციის 30 წლის იუბილეს აღნიშვნასაც ემსახურებოდა.
შეხვედრაზე განხილული იყო მედიის რეგულირების თვალსაზრისით რიგი აქტუალური თემები, კერძოდ, ერთ-ერთი სესია დაეთმო ვიდეო გაზიარების პლატფორმებსა თუ სოციალურ მედიაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და საარჩევნო პროცესის სწორად წარმართვის საკითხებს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს, ასევე, იმსჯელეს მარეგულირებელ ინსტრუმენტებსა და განახლებულ საგანმანათლებლო მიდგომებზე. ამასთან, შეხვედრაზე განიხილებოდა მედიის რეგულირების მიდგომები, რომლებიც ქვეყნებში ჯანსაღ მარეგულირებელ პოლიტიკას განსაზღვრავენ.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა აღმასრულებელი საბჭოს არჩევნები, სადაც EPRA-ს წევრებმა ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარედ ირლანდიის მედიის მარეგულირებელი ორგანოს მედიაწიგნიერებისა და მომხმარებელთა განათლების დირექტორი, სტეფანი კომი აირჩიეს. გარდა ამისა, ჩატარდა ვიცე-თავმჯდომარის არჩევნებიც, სადაც მონტენეგროს ელექტრონული მედიის სააგენტოს საბჭოს პრეზიდენტი, ბრანკო ბოშკოვიჩი; რუმინეთის ეროვნული აუდიოვიზუალური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ვალენტინ-ალექსანდრუ იუკანი; სლოვაკეთის მედია მომსახურების საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი, სტანისლავ მატეიკა და ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს მაუწყებლობისა და მედია ჯგუფის დირექტორი, ანტონი შინკარუკი აირჩიეს.