ComCom-ის წარმომადგენელმა ITU-ს რადიოსაკომუნიკაციო სექტორის სამუშაო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, პროფესორმა სერგო შავგულიძემ, მონაწილეობა მიიღო ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიოსაკომუნიკაციო სექტორის მე-7 შემსწავლელი ჯგუფის (SG7) სამუშაო ქვეჯგუფების WP 7B, WP 7C და WP 7D შეხვედრებში. შეხვედრები რადიოსიხშირული სპექტრის პოლიტიკის სტრატეგიულ განვითარებას შეეხებოდა. აღსანიშნავია, რომ ComCom-ის წარმომადგენელი აღნიშნულ შეხვედრებს ესწრებოდა ITU-R SG7-ის თავმჯდომარის მოადგილის სტატუსით.
შეხვედრებზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ტელემართვის, თვალყურის დევნებისა და ტელემეტრიის მონაცემთა გადაცემა და მიღება კოსმოსური ოპერაციების, კოსმოსის კვლევის, დედამიწის დამკვირვებელი თანამგზავრებისა და მეტეოროლოგიური თანამგზავრული მომსახურებისთვის; საკომუნიკაციო სისტემები პილოტირებული და უპილოტო კოსმოსური ხომალდებისთვის; პლანეტათაშორისი საკომუნიკაციო ხაზებისა და სარელეო თანამგზავრების გამოყენება; დისტანციური ზონდირების გამოყენება დედამიწის კვლევის აქტიურ და პასიურ თანამგზავრულ სერვისებში, მეტეოროლოგიურ სისტემებსა და კოსმოსური კვლევის სენსორებში და რადიოასტრონომიული სერვისები, რომლებიც მოიცავს რადიო და რადარულ ასტრონომიულ სენსორებს როგორც დედამიწაზე, ასევე კოსმოსში, მათ შორის კოსმოსურ ინტერფერომეტრიას.
შეგახსენებთ, რომ რადიოსაკომუნიკაციო სექტორის (ITU-R) მე-7 შემსწავლელი ჯგუფის მთავარი ამოცანაა ITU-სთვის რეკომენდაციებისა და ანგარიშების მომზადება კოსმოსური ოპერაციებისა და თანამგზავრული კავშირგაბმულობის შესახებ.