ComCom-ის წარმომადგენელმა EPRA-ს 63-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ქორიძემ, მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) რიგით 63-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნული შეხვედრა, რომელიც ალბანეთის აუდიოვიზუალური მედიის ორგანოს (AMA) მასპინძლობით ჩატარდა, მიზნად ისახავდა EPRA-ს წევრებსა და მუდმივ დამკვირვებლებს შორის არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის გაზიარებასა და თანამშრომლობის საკითხების განხილვას.
შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა ორი თემატური სესია: „კონტენტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა აუდიტორიის ყველა სეგმენტისთვის“ და „სერვისების კლასიფიკაცია სწრაფად ცვალებად მედია ბაზარზე“. ინტერაქტიული სესიების ფარგლებში, EPRA-ს წევრმა მარეგულირებლებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: პლატფორმების როლი მედიაგარემოს შექმნაში; ინოვაციური ინიციატივების, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენება ციფრული გარემოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის; ინკლუზიური განვითარების ახალი სტანდარტების დანერგვა; სწრაფად განვითარებად გარემოში მარეგულირებლების მიერ საჭირო სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება; თანამედროვე მედიის რეგულირების გამოწვევები; ასევე, ახალი მედია სერვისების კლასიფიკაცია; არსებული სამართლებრივი ჩარჩოები, ლიცენზირების მოდელები და შეტყობინებების სისტემები და სხვა.
ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს), ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიისა და მედია საბჭოს წარმომადგენლები იღებდნენ.
შეგახსენებთ, რომ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმა (EPRA) წარმოადგენს მაუწყებლობის მარეგულირებლებისგან დაკომპლექტებულ ქსელს, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა და 47 ქვეყნის 56 მარეგულირებელ ორგანოს აერთიანებს. საქართველო EPRA-ს ქსელს 2013 წელს შეუერთდა.
