წვდომის მენიუ

სექტემბერი 18, 2026 11:53

ComCom-ის წარმომადგენელმა BRAF-ის მე-13 წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თინათინ ჭაჭუკაშვილმა, მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის აუზის ქვეყნების მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ფორუმის (BRAF) მე-13 წლიურ შეხვედრაში, რომელიც ბულგარეთის ელექტრონული მედიის საბჭოსა (CEM) და BRAF-ის სამდივნოს ორგანიზებით ჩატარდა. 

BRAF-ის მე-13 წლიური შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა წევრ სახელმწიფოებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ღონისძიების მთავარ თემაზე - „ხელოვნური ინტელექტი (AI) მედიასა და რეგულირებაში“. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში BRAF-ის სამდივნომ შეაჯამა მე-12 წლიური შეხვედრის შედეგები, განიხილა წევრ ქვეყნებში მაუწყებლობის სფეროსა  და მედიის რეგულირების მიმართულებით არსებული სიახლეები, გამოწვევები და ტენდენციები. 

ღონისძიების ფარგლებში თინათინ ჭაჭუკაშვილმა მონაწილეებს საქართველოში მედიამომსახურებების რეგულირების მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღწეული პროგრესის, ტენდენციებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. 

გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა პანელური დისკუსიები, სადაც მონაწილე მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გავლენა კონტენტის შექმნასა და გავრცელებაზე; მედიაპლურალიზმის, გამჭვირვალობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხები; AI-ით დომინირებულ მედია გარემოში არსებული მარეგულირებელი ინსტრუმენტები, მონიტორინგის მექანიზმები და რეგიონული თანამშრომლობის ჩარჩოები; ხელოვნური ინტელექტის ეთიკური პრინციპები; სამართლებრივი ჩარჩოს განვითარების მიმართულებით მარეგულირებელი ორგანოების როლი და სხვა აქტუალურ თემები. 

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის აუზის ქვეყნების მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ფორუმი 2009 წელს დაარსდა და ფორუმის შეხვედრა ყოველწლიურად იმართება. BRAF-ის ფორმატი წევრ მარეგულირებელ ორგანოებს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის, საერთო გამოწვევებზე მსჯელობისა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები საქართველოსთან ერთად არიან თურქეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუმინეთი, რუსეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, უკრაინა და სერბეთი.

საქართველოს მონაწილეობა ამ ფორმატში ComCom-ს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს რეგიონში არსებულ მარეგულირებელ მიდგომებს, გააზიაროს საქართველოს გამოცდილება და მიღებული ცოდნა მედიამომსახურებების რეგულირების პრაქტიკის განვითარებაში გამოიყენოს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები