წვდომის მენიუ

ივლისი 16, 2024 10:45

ComCom-ის მედიალაბმა “იდეადრომის” გამარჯვებულები დააჯილდოვა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსის, “იდეადრომის” ფარგლებში, რომლის მიზანიც ციფრული მედიის სფეროში არსებული სტარტაპერების აღმოჩენა, მათი პროდუქტების დახვეწა, განვითარება და ბაზარზე ადგილის დამკვიდრების ხელშეწყობაა, გამარჯვებული სტარტაპ გუნდები გამოავლინა. გამარჯვებულებს 5000 და 1000-1000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცათ.

I ადგილზე გავიდა STAMO.AI, რომელიც ვებ-ბრაუზერის დამატებას (extension) წარმოადგენს და ბლოგერებს თავიანთი ბლოგის მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ვიდეოდ ან GIF-ად ქცევასა და აუდიტორიის ჩართულობის გაზრდაში ეხმარება.

დანარჩენი გუნდები კი II ადგილზე გავიდნენ და საპრიზო ფონდი თანაბრად გაინაწილეს. მათ შორის არიან: სასაჩუქრე აპლიკაცია Emoty, რომელიც ამარტივებს საჩუქრის მიღება-ჩუქების პროცესს და მომხმარებელს ადრესატისთვის შესაფერისი საჩუქრის შერჩევაში ეხმარება; მრავალკადრიანი კომპლექსური ვიდეო კონტენტის შექმნის პლატფორმა - SizmarAI, რომელიც მომხმარებლისთვის მათ მიერ მიწოდებული ტექსტის მიხედვით, უმოკლეს დროში ანიმაციას ქმნის; ციფრული სავიზიტო ბარათი addme.ge, რომელიც ეფექტური და გაზომვადი ნეთვორქინგის პლატფორმას წარმოადგენს; ვერტიკალური ERP სისტემა - Skippit.io, რომელიც მცირე და საშუალო ზომის სერვის პროვაიდერებისთვის პროექტების მართვას ამარტივებს და NETMARK, რომელიც გეოლოკაციაზე დაფუძნებული AR სოციალურ ქსელს წარმოადგენს.

„იდეადრომის“ ფარგლებში, მონაწილე სტარტაპერებმა პროფესიონალი მენტორების ხელმძღვანელობით 5 დღიანი ინტენსიური გადამზადება გაიარეს და პროდუქტის დახვეწის, მომხმარებლის მოძიების, მომგებიანი ბიზნეს-მოდელის შექმნისა და ბაზარზე ადგილის დამკვიდრების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები შეისწავლეს. ამასთან, თითოეულ მონაწილეს ჰქონდა შესაძლებლობა, სფეროს პროფესიონალებთან ერთად, მათთვის მნიშვნელოვანი თემების შესახებ კონსულტაციები გაევლო.

შეგახსენებთ, რომ “იდეადრომი” უკვე მერვედ, წარმატებით ჩატარდა. მიმდინარე კონკურსის თემას „პროდუქტიდან სერია A-მდე“ წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეობის მიღება მხოლოდ იმ სტარტაპერებს შეეძლოთ, რომელთაც პროდუქტის საწყისი ვერსია უკვე შექმნილი ჰქონდათ და მომდევნო ეტაპზე გადასვლას გეგმავდნენ. აღსანიშნავია, რომ წინა კონკურსებში მონაწილე არაერთმა გუნდმა, შექმნილი პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე გატანაც შეძლეს.

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები