ComCom-ის მედიალაბი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტებს პრაქტიკულ სემინარებს ჩაუტარებს

კომუნიკაციების კომისია და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი (MIA) პარტნიორობას იწყებენ. კონკურსი 2014 წელს, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით დაფუძნდა და მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის და მათემატიკის (STEM) მიმართულებით მოსწავლეების დაინტერესების გაზრდას ისახავს მიზნად. კონკურსი ყოველ წელს ტარდება და სულ სამი ეტაპისგან შედგება. წელს ფინალურ ეტაპზე გადასულ გუნდებს კომუნიკაციების კომისიის მედიალაბი პროექტების დახვეწაში დაეხმარება.
კერძოდ, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტებს, მედიალაბი გაუწევს მენტორობას პროტოტიპის შექმნასა და ტესტირების საკითხებში, ასევე, ჟიურის წინაშე წარსადგენი პრეზენტაციის მომზადებაში. საგულისხმოა, რომ მედიალაბის მენტორები კონკურსში მონაწილე გუნდებს ინდივიდუალურად დაეხმარებიან და მათთვის სასურველ საკითხებზე კონსულტაციას გაუწევენ.
MIA-ს კონკურსის ფარგლებში, 13-დან 17 წლამდე მოსწავლეებს შეუძლიათ 2-4 მოსწავლისგან შემდგარი გუნდების ჩამოყალიბება და პროექტების წარდგენა შემდეგ კატეგორიებში: კოსმოსი და ავიაცია; კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება; გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება; ჯანდაცვა და კვება; გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები; რობოტექნიკა.
კონკურსს ათასწლეულის ფონდი ახორციელებს. კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი აშშ-ში, NASA-ს კოსმოსურ ცენტრს ესტუმრება და გუნდის წევრები NASA-ს საზაფხულო უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან. მეორე ადგილის მფლობელები სტენფორდის უნივერსიტეტში, რობოტექნიკის საზაფხულო პროგრამისთვის გაემგზავრებიან, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს საგანმანათლებლო ვიზიტის ფარგლებში ესტუმრებიან.
კონკურსის ფინალურ ეტაპზე ComCom-ის მედიალაბის ჩართულობა მნიშვნელოვნად დაეხმარება ახალგაზრდებს დახვეწონ პროექტები და განივითარონ პრაქტიკული უნარები. აღნიშნული თანამშრომლობა კი კომუნიკაციების კომისიისთვის იქნება ახალი შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს STEM განათლების პოპულარიზაციას ქვეყანაში.