დეკემბერი 28, 2022 15:13

ComCom აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების დამოუკიდებელი პლატფორმის (EaPeReg) თავმჯდომარედ აირჩიეს

აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების დამოუკიდებელი პლატფორმის (EaPeReg) მე-20 პლენარულ სხდომაზე, 2023 წლის თავმჯდომარედ კომუნიკაციების კომისია აირჩიეს, რომელიც პლატფორმას ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.

პლენარულ სხდომას, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ტელეკომუნიკაციების ოფისის (CTU) ორგანიზებითა და ევროკომისიის ხელშეწყობით გაიმართა, კომუნიკაციების კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მზია გოგილაშვილი, და EaPeReg-ის სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (SEWG) თავმჯდომარე - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი, რომან ქურდაძე  ესწრებოდნენ. პლენარულ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა EaPeReg-ის 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინეს, რომელიც მონაწილეებმა ერთხმად დაამტკიცეს. სამუშაო გეგმა როუმინგისა და სპექტრის რეგიონული ხელშეკრულებების ხელმოწერას, ელექტრონული კომუნიკაციების ევროპული მარეგულირებლების ორგანოს (BEREC), ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების გაერთიანებასა (EMERG) და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს (ITU) შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, ევროკომისიის მიერ ინიცირებული პროექტის, EU4Digital-ის ტელეკომის წესების კომპონენტში აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.

ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების დამოუკიდებელი პლატფორმა (EaPeReg) პორტუგალიის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (ANACOM) ინიციატივითა და ევროკომისიის ხელშეწყობით 2012 წელს შეიქმნა. EaPeReg აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების: აზერბაიჯანის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის,  ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის ავსტრიის, გერმანიის, ესპანეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, უნგრეთის, შვედეთისა და ჩეხეთის,  ასევე ჩრდილო მაკედონიის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოებს აერთიანებს. ქსელის მიზანია პარტნიორი ქვეყნების ევროინტეგრაციის ხელშეწყობა ამ ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრების განვითარების გზით.

EaPeReg-ის თავმჯდომარედ კომუნიკაციების კომისია მესამედ აირჩიეს. კომისია თავდაპირველად ქსელის მუშაობას 2015 წელს შვედეთის ფოსტისა და ტელეკომის ორგანოსთან (PTS) ერთად, ხოლო შემდეგ - 2019 წელს, ლატვიის საზოგადოებრივი მომსახურებების კომისიასთან (SPRK) ერთად ხელმძღვანელობდა. 2023 წელს კი კომუნიკაციების კომისიასთან ერთად, ვიცე-თავმჯდომარის სტატუსით, EaPeReg-ის მუშაობას ირლანდიის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია (ComReg) უხელმძღვანელებს. 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები