მარტი 24, 2022 15:53

„ალტ ინფოს“ წინააღდეგ საჩივარი კანონით თვითრეგულირების ორგანოს განსახილველია

კომუნიკაციების კომისიამ „ალტ ინფოს“ წინააღმდეგ ედუარდ მარიკაშვილის საჩივარი დაუშვებლად სცნო, რადგან მაუწყებლობის შესახებ კანონით ომის პროპაგანდის გავრცელების შემთხვევაში რეაგირება, მხოლოდ მაუწყებლის  თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი. კომუნიკაციების კომისიამ საკითხის შესწავლისას მიიჩნია, რომ საჩივარში მოყვანილი მსჯელობები სცდება ცალკეული დანაშაულის გამართლების ფარგლებს და გადაცემაში  ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა.

ომის პროპაგანდა თავისი არსით ისეთი დარღვევაა, რომლის გავრცელებაც მოქმედი კანონმდებლობით  24 საათის განმავლობაში  სრულად იკრძალება. აქედან გამომდინარე დაუშვებელია ის მხოლოდ არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენ გადაცემად, ვინაიდან რომელ საათზეც არ უნდა გავრცელდეს ომის პროპაგანდის შემცველი ინფორმაცია მაუწყებლის ეთერში ის ყოველთვის წინააღმდეგობაშია მაუწყებლობის შესახებ კანონის პრინციპებთან.

შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა.“ ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. ხოლო „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 591 მუხლის შესაბამისად, კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებზე (გარდა 56-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (10.10.2009 N 1/3/421,422) დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა) რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კი ამავე მუხლის (591) მე-2 პუნქტის თანახმად არ საჩივრდება არც სასამართლოში, არც კომისიაში და არც სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში.

ედუარდ მარიკაშვილი არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მქონე ინფორმაციის გავრცელებისთვის „ალტ ინფოს“ სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვდა. საჩივრის მიხედვით, ტელეკომპანია ცდილობდა რუსეთის აგრესიული სამხედრო ინტერვენციის ეფექტების ნორმალიზაციას, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის მორალური საფუძვლის წარმოჩენასა და მის დასაბუთებას. გამომდინარე აქედან, საჩივრის ავტორი მიიჩნევდა, რომ სახეზეა დანაშაულებრივი ქმედებების გამართლება და კრიმინალის გაიდეალება. კომისიამ განმარტა, რომ ომის პროპაგანდის დაყვანა მხოლოდ არასრულწლოვნებისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენ პროგრამამდე, წინააღმდეგობაში მოვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის არსთან და პრინციპებთან.  

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები