წვდომის მენიუ

მაისი 28, 2026 9:33

200-მდე მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეცამეტედ ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეცამეტედ, ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან VIII, IX, X და XI კლასის 200-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსანტების ნამუშევრებიდან ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა ავტორებიც ComCom-მა მაღალტექნოლოგიური პრიზებით დააჯილდოვა. გარდა გამარჯვებულებისა, კომისიამ ასევე საუკეთესო 10 ნამუშევრის ავტორს პრიზები გადასცა. 

კონკურსის წესების თანახმად, მონაწილეებს უნდა აღმოეჩინათ ონლაინ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები უნდა წარმოედგინათ. 

კონკურსში პირველი ადგილი ოზურგეთის ნ. დუმბაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, იოსებ ქუთათელაძემ დაიკავა, რომლის საკონკურსო ნამუშევარიც ევროკავშირში ნაღდი ანგარიშსწორების ციფრული ვალუტით ჩანაცვლებას ეხებოდა. იოსებ ქუთათელაძემ სტატიაში მოყვანილ ფაქტებში დასარწმუნებლად, ინფორმაცია არაერთ ოფიციალურ წყაროსთან გადაამოწმა და დაადგინა, რომ საქმე ნამდვილად ყალბ ინფორმაციასთან ჰქონდა. მას ComCom-მა უახლესი თაობის სმარტფონი გადასცა. 

მეორე ადგილი თბილისის 169-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, ბარბარე გორგოძემ მოიპოვა, რომელმაც მრავალგამომწერიანი ფეისბუქ-მომხმარებლის მიერ გავრცელებულ სტატუსში დეზინფორმაცია აღმოაჩინა. ინფორმაცია საზღვაო წყლებში თევზჭერის ლიცენზიების მიყიდვას ეხებოდა. ბარბარემ ინფორმაცია ალტერნატიულ წყაროებში გადაამოწმა, რის შემდეგაც მოყვანილი მტკიცების სიცრუეში დარწმუნდა. მან ComCom-ისგან საჩუქრად უახლესი თაობის ლეპტოპი მიიღო. 

მესამე ადგილზე კი შპს კოლეჯი და სკოლა-ლიცეუმი „ფესვების“ მე-11 კლასის მოსწავლე, გიორგი ბიწაძე გავიდა, რომლის საკონკურსო ნამუშევარიც ე.წ. „შუმანის რეზონანსსა“ და ადამიანის ჯანმრთელობას შორის არსებულ კავშირს ეხებოდა. გიორგიმ მოყვანილი ფაქტების გადამოწმების მიზნით, ამ საკითხზე ინფორმაცია არაერთ საერთაშორისო წყაროზე მოიძია და დაადგინა, რომ სტატიაში მოყვანილი მტკიცებულებები სიცრუეს წარმოადგენდა. გიორგის კომუნიკაციების კომისიამ უახლესი თაობის პლანშეტი გადასცა. 

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!” ახალგაზრდებში ანალიზის, ფაქტების გადამოწმების უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას ემსახურება. კონკურსი ცხრაჯერ სკოლის მოსწავლეებისთვის, ხოლო ოთხჯერ სტუდენტებისთვის ჩატარდა და 1300-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები