100-ზე მეტი ტრენინგი და 1600-ზე მეტი გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა მარტვილში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მარტვილის მუნიციპალიტეტში დაასრულა, რომლის ფარგლებშიც 104 ტრენინგი ჩაატარა და 1650 ადგილობრივი ბენეფიციარი გადაამზადა. სამიზნე დასახლებებში, ადგილობრივ მოსახლეობას პროგრამის სერტიფიცირებული ტრენინგები სრულიად უფასოდ თემებზე: „ციფრული წიგნიერება და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება”, „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება” და „ინტერნეტი დასაქმებისთვის” ჩაუტარდათ.
პროგრამამ მარტვილის მუნიციპალიტეტის 29 სამიზნე სოფელი: ალერტი, ბობოთი, ჭაბურთა, დღვანა, დიდი ჭყონი, დობერაზენი, ეწერი, ლებაჩე, ლექაჯაიე, ლექობალე, ლეფოჩხუე, მეორე გურძემი, მეორე კიწია, მესამე ბალდა, ნაჯახავო, ნახუნავო, ნოღა, ნოჯიხევი, ოჩე, ორქა, პატარა ინჩხური, პატარა თამაკონი, პატარა ჟინოთა, საბერულავო, სკურდი, სტეფასდაბალი, თარგამეული, წინაკვერკვე და ვახა მოიცვა. მონაწილეთა შორის იყვნენ სკოლისა და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგები, მოსწავლეები, სტუდენტები, მერის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლები, საბავშვო ბაღის თანამშრომლები, ბიბლიოთეკარები, შშმ პირები, ადგილობრივი მეწარმეები, დროებით უმუშევარი პირები, და სხვა.
თემატური ტრენინგების ფარგლებში ბენეფიციარები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის (AI) ინოვაციური ინსტრუმენტები და მათი ეფექტიანი გამოყენება, AI-ის ინტეგრირება სწავლის, პროფესიული განვითარებისა და დასაქმების პროცესში, ასევე, AI როგორც პერსონალური ასისტენტი დასაქმების პროცესში, კიბერუსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და სხვა.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“, რომელსაც კომუნიკაციების კომისია 2022 წლიდან ახორციელებს, მიზნად სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენების სწავლებას ისახავს. პროგრამაში მონაწილეობა სამიზნე დასახლებებში მცხოვრებ ნებისმიერ პირს, 14 წლის ზემოთ ასაკიდან, უფასოდ შეუძლია. კომუნიკაციების კომისია 22 მუნიციპალიტეტის სამიზნე 320-ზე მეტი სოფლიდან და დასახლებული პუნქტიდან უკვე 14,500 ბენეფიციარი გადაამზადა.
