რადიომაუწყებლობის თავისუფალი სიხშირული რესურსი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მიხედვით კომისია „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის“ შესაბამისად, 2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს სამაუწყებლო სიხშირეთა გეგმას. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილების 13 პუნქტის შესაბამისად, კომისია 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში თავისუფალი სიხშირული რესურსის განაწილებას ახორციელებს 2 წელიწადში ერთხელ, ყოველი მეორე წლის პირველ მაისამდე, ხოლო ამავე დადგენილების 14 პუნქტის თანახმად, განაწილებულ 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში თავისუფალ სიხშირულ რესურსს, ყოველწლიურად საჯარო გაცნობისათვის, აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრისა და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მათ განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, წარმოადგენს კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ხოლო საზოგადოებრივი აზრის შესწავლა კომისიის მხრიდან ამ ფუნქციის განხორციელების წინაპირობაა.
კომისიამ 2023 წელს ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა. „საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ“ კომისიის 2024 წლის 11 ივლისის Nგ-24-21/299 გადაწყვეტილებით დამტკიცდა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები საზოგადოებრივი აზრის 2023 წლის კვლევის შესაბამისად.
„ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილების მიხედვით, ადგილობრივი მაუწყებლობის ზონებად განსაზღვრულია 15 საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა.
„კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2021 წლის 01 აპრილის №გ-21-21/206 გადაწყვეტილებით დამტკიცებულია კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების სტრატეგია. აღნიშნული სტრატეგიის შესაბამისად, ახალი რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დამტკიცების შემდეგ კომისიამ, 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში მაუწყებლობის ლიცენზიების მაძიებლებისათვის, დააგეგმარა თავისუფალი რადიოსამაუწყებლო სიხშირეთა ახალი გეგმა. ამ გეგმის მიხედვით სიხშირული რესურსი განაწილდა ზონალური დაფარვის პრინციპით და განისაზღვრა კონკრეტული ლოკაციები სამაუწყებლო რადიოგადამცემი სადგურების განსათავსებლად. თავისუფალი სიხშირული რესურსის გამოქვეყნებისას, კომისიის ხედვის შესაბამისად, გათვალისწინებული იქნა სამაუწყებლო სფეროში ლიცენზირებადი საქმიანობის დაწყების მსურველთა განაცხადები და მათი მაუწყებლობის განხორციელების სურვილით მოთხოვნილი სამაუწყებლო ზონები, ასევე ყურადღება გამახვილდა კომისიის მიერ დადგენილ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებზე და იმ ზონებზე, სადაც შეინიშნება რადიომაუწყებლების სიმცირე, ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს არც ერთი ან ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი ადგილობრივი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიანტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ 13 და 14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.დამტკიცდეს 87.5 მჰც ÷ 108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიომაუწყებლობის თავისუფალი სიხშირული რესურსი ამ გადაწყვეტილების დანართ №1-ში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრებით;
2.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული დანართი №1-ის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (ო. ვოტი);
3.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
