2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეხუთე შუალედური ანგარიში (23.09.2016 – 08.10.2016)
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი 2016 წლის 8 ივნისს დაიწყო და ოთხი თვის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ორმოცდაცხრა სამაუწყებლო არხს აკვირდებოდა.
მონიტორინგს დაექვემდებარა ყველა საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანი არის:
ა) წინა საარჩევნო რეკლამა;
ბ) წინა საარჩევნო დებატები;
გ) ახალ ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;
დ) წინა საარჩევნო აგიტაცია.
აღნიშნულ ანგარიშს საინფორმაციო გამოშვებებში საარჩევნო სუბიექტებისათვის პირდაპირ და ირიბად დათმობილი დროის შესახებ ინფორმაცია დაემატა. პირდაპირ დათმობილი დროის ფარგლებში ანალიზდება შემთხვევები, როდესაც საარჩევნო სუბიექტი/კანდიდატი უშუალოდ საუბრობს/მონაწილეობს გადაცემაში, ირიბად დათმობილი დროის ფარგლებში გაანალიზებულია მაუწყებლის მიერ საარჩევნო სუბიექტზე/კანდიდატზე, მათ მხარდამჭერებზე საუბრისთვის დახარჯული დრო. მედიამონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიშის ვრცელ დოკუმენტში პოლიტიკური სუბიექტებისთვის პირდაპირ დათმობილი დრო აღნიშნულია ლურჯი ფერით, ირიბი – წითელით.
წინასაარჩევნო პროცესის მეხუთე შუალედური ანგარიში 2016 წლის 23 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. მონიტორინგის შედეგად შემდეგი შინარსიის დარღვევები გამოვლინდა:
– კომისიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საარჩევნო სუბიექტმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციამ“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ საჩივარით 2016 წლის 26 სექტემბერს მიმართა.
დავის საგანი 2016 წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის მიერ საეთერო ბადიდან საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის“ უფასო წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის მოხსნის საკითხი გახდა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საჯაროდ გავრცელებული განცხადების თანახმად, ტელეკომპანიის შეფასებით, ვიდეორგოლი ქსენოფობიური შინაარსის მატერებელი იყო, რამაც განაპირობა მისი ეთერიდან მოხსნა. ტელეკომპანიამ აღნიშნული წინასაარჩევნო რეკლამა ამავე საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი სხვა სარეკლამო რგოლით ჩაანაცვლა.
საარჩევნო სუბიექტს მიაჩნდა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ უფლებამოსილი არ იყო ეთერიდან მოეხსნა და შეეფასებინა წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა, რადგან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51 მუხლის, მე-6 პუნქტის შესაბამისად, საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში გამოყოს არანაკლებ 7,5 წუთისა წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის, მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებელია წინასაარჩევნო რეკლამის დამკვეთი.
საარჩევნო სუბიექტი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საკითხის შესწავლას და შესაბამის რეაგირებას სთხოვდა. საარჩევნო სუბიექტის მოთხოვნები იყო: 1. დაევალოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო რეკლამის ტელე-ეთერში აღდგენა; 2. პოლიტიკური სუბიექტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფასო საეთერო დროის კომპენსირება; 3. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესების დარღვევის გამო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. თუმცა განხივლის პროცესში მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მოთხოვნა დარჩა ძალაში.
საკითხის დაინტერესებული პირების მონაწილეობით არსებითი განხილვის შემდეგ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა საარჩევნო სუბიექტთან შეთანხმების გარეშე ჩაანაცვლა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“ წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა, რითაც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51 მუხლის, მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები დაარღვია. კომისიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიმართ ადმინისტარციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა და რეაგირებისთვის საქალაქო (თბილისის) სასამართლოს გადაეგზავნა.
– გამოიკვეთა რიგი მაუწყებლებისა, რომელთა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული არ არის ახალი ამბების ან/და საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის პროგრამები (შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“, შპს „საფერავი ტვ“, შპს „ტელეკომპანია თბილისი“, შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ24“, შპს ტელეკომპანია ”I სტერეო”, ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“, ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“, შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“, შპს „სიგულდა“).
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;
აღნიშნული მაუწყებლების მიმართ კომისიაში მიმდინარეობს წარმოება ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების მიზნით.
– ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წესის დარღვევით გამოაქვეყნა.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის მიერ მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ (21:00 საათზე) მსვლელობისას GFK Customs Research LLC-ის მიერ ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონით განსაზღვრული წესების დარღვევით გამოქვეყნების ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, ტელეკომპანიამ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-11 პუნქტის ვ.ზ), ვ.თ), ვ.ი) და ვ.ლ) ქვეპუნქტები დაარღვია. ტელეკომპანიის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
– კომისიამ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ (ბრენდული სახელწოდება „ტაბულა“) წინასაარჩვენო პერიოდში ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო წერილობით გააფრთხილა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“, ბრენდული სახლწოდება „ტაბულა“ წინასაარჩვენო პერიოდში ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო წერილობით გააფრთხილა.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ასევე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები და მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირები, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე, წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის დროს ვალდებულნი არიან „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ დადგენილი ფორმის შესაბამისად (დანართი N1), საჯაროდ გამოაცხადონ და კომისიას ყოველკვირეულად წარმოადგინონ შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო; ბ) ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი; გ) საეთერო დროის ტარიფი; დ) გაწეული მომსახურება.
ავტორიზებულ საერთო მაუწყებლებს, მათ შორის ტელეკომპანია „ტაბულას“, ზემოაღნიშნული ვალდებულებების განმარტების მიზნით 2016 წლის 25 მაისს გაეგზავნათ კომისიის წერილი (04/1542-16; 25.05.2016), რომლის თანახმად, მათ, ასევე, ეცნობათ, რომ „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, წინასაარჩევნო კამპანია იწყებოდა 2016 წლის 8 ივნისს.
ტელეკომპანია „ტაბულამ“ 2016 წლის 11 აგვისტოს კომისიაში წარმოადგინა წერილობითი ინფორმაცია ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ტარიფების თაობაზე, თუმცა, წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფისა და სამაუწყებლო ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით ინფორმაცია კომისიაში ყოველკვირეულად არ წარმოუდგენია.
საკითხის საჯარო განხილვის შემდეგ კომისიამ ტელეკომპანია „ტაბულას“ წერილობითი გაფრთხილების გადაწყვეტილება მიიღო.
– კომისიამ ხუთ საინფორმაციო სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო ხუთ საინფორმაციო სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის თბილისის (საქალაქო) სასამართლოს გადაუგზავნა.
საუბარია, მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ამერიკული სოციოლოგიური კომპანია Wilson Perkins Allen Research (WPA)-ის მიერ ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებაზე.
ეს საინფორმაციო სააგენტოებია:
- შპს „მედიანიუსი“ - www.medianews.ge;
- შპს „ნიუს რუმი“ - www.ambebi.ge”;
- შპს „ახალი ამბები“ - www.ipn.ge;
- შპს „ნიუს რუმი“ - „www.kvirispalitra.ge“;
- შპს „Georgian National News” – www.gnn.ge .
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 82–ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
– რიგი გაზეთების მიერ, რომლებიც ფინანსდებიან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არ ხორციელდება კომისიაში ყოველკვირეული ინფორმაციის წარმოდგენა.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გაზეთები, რომლებიც ფინანსდება ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ექვემდებარებიან წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელ ორგანოებისგან, აფხაზეთის და აჭარის ავოტნომიური რესპუბლიკების მთავრობებისგან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთების თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა. მიღებული მონაცემების დამუშავების შედეგად, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგს დაექვემდებარა 30[1] გაზეთი (გაზეთების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომისიის ვებ გვერდზე).
ყველა გაზეთს გაეგზავნა მოთხოვნა წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილების დანართი №2-ით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე, თუმცა 7 გაზეთი, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წერილი ჩაბარდა, ინფორმაციას არ წარმოადგენს.
აღნიშნული გაზეთებია: ახალქალაქის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „რეგიონის ტრიბუნა“; ახალქალაქის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „თვითმმართველობა“; ტყიბულის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ტყიბული“; ლენტეხის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „სვანეთი“; გორის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „გორის მაცნე“; ვანის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „საერთო სიტყვა“; წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ეგრისის მაცნე“;
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით კომისიაზე დაკისრებული ვალდებულების ჯეროვანი შასრულების მიზნით, კომისიამ საკონტროლო შესყიდვა სცადა კერძო კომპანიების საშუალებით, თუმცა პრესის გავრცელების ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს ზემოთხსენებული გაზეთები ჩამონათვალში არ აქვთ, რის გამოც, კომისიამ კიდევ ერთხელ მიმართა შესაბამის მუნიციპალიტეტებს და სთხოვა გაზეთების წარმოდგენა.
გაზეთები, რომლებიც წარმოადგენენ წინასაარჩევნო ინფორმაციას: კასპის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ახალი განთიადი“; დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტი - გაზეთი „შირაქი“; თერჯოლის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „თერჯილა“; ბაღდათის მუნიციპალიტეტი - „ჩემი გაზეთი“; თიანეთის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „თიანეთის მომავალი“; ამბროლაურის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ამბროლაურის მოამბე“; წყალტუბოს მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ახალი წყალტუბო“; სამტრედიის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „სამტრედიის მაცნე“; ყვარელის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ყვარელი“; ბოლნისის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ბოლნისი“; მცხეთის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „მცხეთა“; სენაკის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „კოლხეთი“; ახმეტის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ბახტრიონი“; ხაშურის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ხაშურის მოამბე“; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - შპს „გაზეთი აჭარა და ადჟარა“; ქარელის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ქარელის მოამბე“; აბაშის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „აბაშის მაცნე“; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „არშლუისი“; სიღნაღის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „სიღნაღი“; ონის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ონი“; გურჯაანის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაცნე“; ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - ააიპ „მოქალაქეთა ჩართულობის და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი“; ხობის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ხობის მოამბე“.
– საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაზეთ „ხაშურის მოამბეს“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაზეთ „ხაშურის მოამბეს“ წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო რეკლამის წესების დარღვევის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის საქალაქო (ხაშურის) სასამართლოს გადაუგზავნა. სასამართლომ გაზეთის სიტყვიერი გაფრთხილების გადაწყვეტილება მიიღო.
გაზეთ „ხაშურის მოამბის“ აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სააგიტაციო წერილი სახელწოდებით - „არც ერთი ნაციონალი პარლამენტში“, რომელსაც არ ჰქონდა აღნიშნვნა გამოქვეყნებული მასალა იყო ფასიანი თუ უფასო პოლიტიკური რეკლამა.
საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ და „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილების შესაბამისად, სააგიტაციო წერილისა და პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას წერილის სათაურამდე და რეკლამის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“.
რეკომენდაციები:
„რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებულია არაპოლიტიკური გადაცემები „ვანოს შოუ“ და „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“, რომლებსაც საანგარიშო პერიოდში სტუმრობდნენ ირაკლი ალასანია (თავისუფალი დემოკრატები) და სანდრა რულოვსი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობის) წარმომადგენლები.
კომისიას მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიანად, მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქების მიზნით, მნიშვნელოვანია მაუწყებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს იმ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ და გაითვალისწინონ, რომ საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობა იმ პროგრამაში, რომელიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება.
წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული კომისიის მიერ გატარებული სხვა ღონისძიებები:
– „რუსთავი 2“-ის მიმართ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება გრძელდება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ჟურნალისტ შალვა რამიშვილის განცხადების საფუძველზე, რომლითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით GFK Customs Research LLC მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონიერება დადგა ეჭვქვეშ, დაწყებული მოკვლევა გრძელდება.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლით გათვალისწინებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნების წესებთან შესაბამისობის დროულად დადგენის მიზნით, ასევე, ზემოთხსენებული საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის გამო, კომისიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, GFK Customs Research LLC, ჟურნალისტ შალვა რამიშვილს წერილობით მიმართა და საქმესთან არსებული დოკუმენტაციის წარმოსადგენად ვადა 2016 წლის 5 ოქტომბრამდე განუსაზღვრა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა GFK Customs Research LLC კვლევასთან დაკავშირებული ინფორმაცია კომისიის მიერ მისთვის განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა, თუმცა კომისიის მოსაზრებით არასრულყოფილად, რის გამოც, „რუსთავის 2“-ის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, კომისიამ ტელეკომპანიას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა მოსთხოვა. „რუსთავი 2“-მა კომისიის მოთხოვნის შესასრულებლად ვადა ითხოვა. საკითხის განხილვა 7 ოქტომბერს გაგრძელდა, თუმცა ტელეკომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილების და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-11 პუნქტის ა), ბ), გ), დ) და ე) ქვეპუნქტებთან შესაბამისობის დადგენა ვერ მოხერხდა, რის გამოც, საკითხის განხილვა კიდევ ერთხელ გადაიდო.
– კომისიამ ტელეკომპანიების შპს „სტუდია მაესტროს“, შპს „ტელეიმედის“, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება განიხილა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების საფუძველზე ტელეკომპანიების შპს „სტუდია მაესტროს“, შპს „ტელეიმედის“, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ბადეში განთავსებული სარეკლამო რგოლი შეისწავლა, რომელიც თბილისში ა. პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას ეხებოდა.
განცხადების ავტორი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული სარეკლამო რგოლი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავდა და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ინფრასტრუქტურული პროექტების საარჩევნო კამპანიას წარმოადგენს, რაც დაუშვებელია. პოლიტიკურმა გაერთიანებამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიისგან ზემოთაღნიშნული სარეკლამო რგოლის შესწავლა და მისი სტატუსის განსაზღვრა მოითხოვა.
კომისიამ საკითხის მოკვლევის შემდეგ დააგდინა, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლი ტელეკომაპნიების შპს „სტუდია მაესტროს“, შპს „ტელეიმედის“, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ბადეში თბილისის მერიის დაკვეთით სარეკლამო კოპმანიების საშუალებით, ფასიანი რეკლამის სტატუსით იყო განთავსებული.
საკითხის განხილვის საჯარო სხდომას ოთხივე ტელეკომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათი განმარტებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით განთავსებული სარეკლამო რგოლი მათ სამაუწყებლო ბადეებში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იყო განთავსებული. კანონის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.
ვიდეორგოლში მოსახლეობას თბილისში ა.პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის თაობაზე მიეწოდება ინფორმაცია. ვიდეო რგოლში ნაჩვენები არ არის არც საარჩევნო სუბიექტი და არც საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, შესაბამისად, არ განხორციელებულა არცერთი საარჩევნო სუბიექტის იდენტიფიცირება, ისევე როგორც რომელიმე პოლიტიკური პარტიის სიმბოლიკის წარმოჩენა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეფასებით, ზემოაღნიშნული ვიდეო რგოლი შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
–კომისიამ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი განიხილა.
გადაცემა „არჩევანში“, რომელიც ეთერში გავიდა 2016 წლის 19 სექტემბერს, პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი კანდიდატების გამოსვლის დროს, პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა ინტერაქტივი, რომელშიც სატელეფონო ზარების მეშვეობით მოქალაქეებს შეეძლოთ დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია - თუ რომელი პოლიტიკური პარტიის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს იზიარებენ. განცხადების თანახმად, აღნიშნული გადაცემის მსვლელობისას პროცენტული მაჩვენებელით უმრავლესობა მხარს უჭერდა “ქართულ ოცნების” წარმომადგენელს, რის შემდეგაც ინტერაქტივი საეჭვოდ გაითიშა, რაზედაც გადაცემის წამყვანმა განმარტა, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, რასაც არ ეთანხმება განცხადების ავტორი და მომართა კომისიას საკითხის შესასწავლად.
კომისიამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განხილვის საგანია. “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას; „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.
[1] შესწავლის ფარგლები გამოირკვა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გაზეთი „უქიმერიონი“ მხოლოდ კულტურულ სიახლეებს აშუქებს.