სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 19, 2026 17:01
მიღების თარიღი ივნისი 18, 2026
სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
1. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზა წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სექტორისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის ცენტრალიზებულ ადმინისტრირებას, მონაცემთა სიზუსტესა და ოპერატიულ ხელმისაწვდომობას, აგრეთვე ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების მიმწოდებლებს შორის პორტირების პროცესის შეუფერხებელ, უსაფრთხო და არადისკრიმინაციულ განხორციელებას.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანხმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სააბონენტო ნომრების მონაცემთა ცენტრალური ბაზის სისტემის გამოყენებითა და საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობა (ტრანსლირება) კომისიის მიერ დამტკიცებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების შესაბამისად.
3. ამდენად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით მომხმარებელთათვის გარანტირებულია სააბონენტო ნომრის პორტაბელურობა (ტრანსლირება), კერძოდ, ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) არჩევანის შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირის სხვა ავტორიზებული პირით შეცვლისას.
4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი არის კომისიის მიერ, საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებთან ერთობლივად, კონკურსის საფუძველზე შერჩეული პირი, რომელიც ახორციელებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირებას და ცენტრალიზებული მეთოდით კოორდინაციას უწევს სააბონენტო ნომრის პორტირების პროცესს.
5. კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების’’ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია ამ დებულების შესაბამისად, ატარებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსს, კომისიის მიერ დადგენილი საკონკურსო პირობების შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებულთან აფორმებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულებას, ხოლო შემდგომ, ახორციელებს სახელშეკრულებო პირობების შესრულებაზე მონიტორინგს. სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში იყენებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებებს, განიხილავს და წყვეტს ბოლო მომხმარებელს (აბონენტსა) და მიმღებ ან დონორ ოპერატორს შორის, მიმღებ და დონორ ოპერატორს შორის და მიმღებ ან დონორ ოპერატორსა და სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორს შორის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან დაკავშირებულ დავებს.აღსანიშნავია, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირება ამჟამად ხორციელდება კომისიასა და შპს „მედიაფონ დატაპროს“ შორის 2021 წლის 8 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა იწურება 2027 წლის 2 აპრილს.
6. 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე–9 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების მოქმედება წყდება ვადის ამოწურვისთანავე, თუ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი, საკონკურსო წესით, მომდევნო ვადით ვერ მოიპოვებს ამ საქმიანობის განხორციელების უფლებას.
7. ამდენად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ვადის გათვალისწინებით, აუცილებელია კომისიის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით ახალი ადმინისტრატორის შერჩევა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის სისტემის უწყვეტი, სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირება და არ შეიქმნას პორტირების პროცესის შეწყვეტის ან შეფერხების რისკი.
8. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კონკურსის გამოცხადება მიზნად ისახავს ბაზრის მონაწილეთათვის თანაბარი, გამჭვირვალე და კონკურენტული გარემოს შექმნას და სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შერჩევას წინასწარ განსაზღვრული, ობიექტური და არადისკრიმინაციული საკონკურსო პირობების საფუძველზე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანხმად, ავტორიზებული პირო ვალდებულია სააბონენტო ნომრების მონაცემთა ცენტრალური ბაზის სისტემის გამოყენებითა და საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობა (ტრანსლირება) კომისიის მიერ დამტკიცებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების შესაბამისად.
10. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმმად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი არის კომისიის მიერ, საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებთან ერთობლივად, კონკურსის საფუძველზე შერჩეული პირი, რომელიც ახორციელებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირებას და ცენტრალიზებული მეთოდით კოორდინაციას უწევს სააბონენტო ნომრის პორტირების პროცესს.
11. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შერჩევა ხორციელდება კონკურსის წესით;
12. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორს, კომისია, საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებთან ერთობლივად, შეარჩევს კონკურსის საფუძველზე.
13. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია გადაწყვეტილებით აცხადებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსს და აქვეყნებს ცნობას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
III. სამოტივაციო ნაწილი
14. წარმოდგენილი გარემოებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შერჩევა წარმოადგენს კომისიის კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით პირდაპირ განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
15. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ავტორიზებულ პირებს ავალდებულებს უზრუნველყონ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის სისტემის გამოყენებით. აღნიშნული ნორმა მიზნად ისახავს მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენტული გარემოს ხელშეწყობას, რაც შეუძლებელია ცენტრალური ბაზის ეფექტიანი და უწყვეტი ფუნქციონირების გარეშე.
16. „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შერჩევა ხორციელდება კონკურსის წესით, კომისიისა და შესაბამისი ავტორიზებული პირების ერთობლივი მონაწილეობით. შესაბამისად, ადმინისტრატორის განსაზღვრის მიზნით უნდა ჩატარდეს კონკურსი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
17. კომისიასა და შპს „მედიაფონ დატაპროს“ შორის 2021 წლის 8 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწურება 2027 წლის 2 აპრილს. ამასთან, „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედება წყდება ვადის ამოწურვისთანავე, თუ მოქმედი ადმინისტრატორი მომდევნო ვადით, საკონკურსო წესით, ვერ მოიპოვებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებამდე აუცილებელია ახალი საკონკურსო პროცედურის დაწყება და შესაბამისი ადმინისტრატორის შერჩევა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ადმინისტრირების პროცესის უწყვეტობა.
18. ამასთან, კონკურსის გამოცხადება უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირისათვის თანაბარ და არადისკრიმინაციულ პირობებში მონაწილეობის შესაძლებლობას, ხელს უწყობს გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და კონკურენციის პრინციპების რეალიზებას და ქმნის წინაპირობას იმისათვის, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორად შეირჩეს პირი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს კომისიის მიერ განსაზღვრულ ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ფინანსურ მოთხოვნებს.
19. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით გამოაცხადოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის კონკურსი და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნება.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადება შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ემსახურება მომხმარებელთა უფლებების დაცვას, პორტაბელურობის სისტემის უწყვეტ და უსაფრთხო ფუნქციონირებას, ასევე უზრუნველყოფს კონკურენტული, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გარემოს შექმნას ადმინისტრატორის შერჩევის პროცესში.
21. ამასთან, კომისიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფს უნდა დაევალოს უზრუნველყოს კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯარო გავრცელება, რათა შესრულდეს „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მოთხოვნა კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნების თაობაზე.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, კომუნიკაციების კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსი (შემდგომში „კონკურსი“) 2026 წლის 22 ივნისიდან;
2. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარების თანდართული წესი და პირობები (დანართი N1 - შემდგომში „საკონკურსო პირობები“);
3. დამტკიცდეს საკონკურსო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა) ალექსანდრე ქარუმიძე - საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარე, კომისიის აპარატი, სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსი;
ბ) ციალა უჯმაჯურიძე - წევრი, საკონკურსო საბჭოს მდივანი, კომისიის აპარატი, სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი;
გ) მიხეილ ჯღამაძე - წევრი, კომისიის აპარატი, სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფის უფროსი;
დ) თამარ გოშუა - წევრი, კომისიის აპარატი, იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი;
ე) დავით ოდიშარია - წევრი, კომისიის აპარატი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი;
ვ) დავით ძიძიგური - წევრი, შპს „მაგთიკომი“ (კომისიაში რეგისტრაციის N შ-26-6/5356;
ზ) ირაკლი ესართია - წევრი, შპს „სელფი მობაილი“ (კომისიაში რეგისტრაციის N შ-26-6/5544); თ) კახა სანაშვილი - წევრი, შპს „ახალი ქსელები“ (კომისიაში რეგისტრაციი N შ-26-6/5480);
ი) თეა ტყეშელაშვილი - წევრი, სს „სილქნეტი“ (კომისიაში რეგისტრაციის N შ-26-6/5750);
კ) ლევან დათუნაშვილი - წევრი, შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” (კომისიაში რეგისტრაციის N შ-26-6/5454);
ლ) ომარ შამანაძე - წევრი (დამოუკიდებელი ექსპერტი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის ფაკულტეტი (კომისიაში რეგისტრაციის N შ-26-6/5796 ).
4. დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურს ელექტრონული ფოსტის konkursi@comcom.ge-ის შექმნა, და ელექტრონულად საკონკურსო განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში დაშიფრული ფაილების გახსნა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილებისა და მისი ინგლისურენოვანი თარგმანის გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge). გადაწყვეტილების ოფიციალურ ტექსტსა და ინგლისურენოვან თარგმანს შორის შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება გადაწყვეტილების ოფიციალურ ტექსტს;
6. დევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა) კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელება;
ბ) საკონკურსო საბჭოს წევრთათვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფის მიზნით სპეციალურად მოწყობილი სამუშაო ოთახის გამოყოფა;
გ) სხდომის ოქმის მომზადების უზრუნველყოფა (ოქმის მომზადების მიზნით უზრუნველყოფილ იქნეს სხდომის აუდიო ან/და აუდიოვიდეო ჩაწერა, რომელიც ატარებს მხოლოდ დამხმარე ფუნქციას და ექვემდებარება განადგურებას სხდომის ოქმის საბოლოო სახით შედგენისთანავე);
დ) საკონკურსო საბჭოს სხდომის დისტანციურად ან შერეულ რეჟიმში ვიდეო საკონფერენციო სისტემის მეშვეობით ჩატარების უზრუნველყოფა;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე განახორციელოს კომისიის თავმჯდომარემ (გ.გულორდავა).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
