„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 29, 2025 14:09
მიღების თარიღი მაისი 22, 2025
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება და დამტკიცდა ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ ან/და ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი N1- ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდულობით.
აღსანიშნავია, რომ 5G ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე 2023 წლის ბოლოდან დაიწყო და ამჟამად ოპერატორები უკვე აქტიურად სთავაზობენ მომხმარებელს მომსახურებას აღნიშნული ტექნოლოგიით. მეხუთე თაობის ქსელის განვითარებასთან ერთად, დღის წესრიგში დადგა ელექტრონული ანგარიშგების ფორმებში გამიჯნულიყო 5G ტექნოლოგიის მეშვეობით მონაცემთა გადაცემის მომსახურების მომხმარებელ აბონენტთა რაოდენობა, მათ მიერ დაგენერირებული ტრაფიკის მოცულობა და სხვა მონაცემები. შესაბამისად, შემუშავდა სტატისტიკური ანგარიშგების 2.1, 2.2, 2.16 ფორმებში შესატანი ცვლილებები, რომელიც წარმოდგენილია დანართი N1-ში.
ამასთან, ამავე ფორმებში შევიდა რამდენიმე ტექნიკური ცვლილება, რომლითაც გაიმართა ქსელის ტიპების ველის შესახებ ჩანაწერი და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ფორმულირებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში და მისი დანართი N1-ის შემდეგი ფორმები: ფორმა 2.1, ფორმა 2.2, ფორმა 2.16, ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.
3. მოძრავი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ავტორიზებულ პირებს დაევალოთ 2025 წლის 20 ივნისამდე ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების აღნიშნული ფორმები განახლებული სახით შევსებულ იქნას 2025 წლის პირველი იანვრის პერიოდიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ივანე მახარაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
გადაწყვეტილების სრული ვერსია იხილეთ PDF ფაილად მიმაგრებულ ფაილში