წვდომის მენიუ

შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 120 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 02, 2014

მიღების თარიღი მარტი 06, 2014

შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 27 თებერვალს ძალაში შევიდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონი (დოკუმენტის ნომერი 2039-IIს; სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017341; ვებ გვერდზე 27.02.2014-დან), რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა კომისიის ვალდებულება, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გასავრცელებლად, კანონის ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“, უსასყიდლოდ მიანიჭოს რადიოსიხშირეები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ასაგებად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის გასავრცელებლად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ასაგებად, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების თაობაზე, ამავე განცხადების დანართში განსაზღვრული სავარაუდო რადიოსიხშირეების (სატელევიზიო არხების), გადამცემების ტექნიკური პარამეტრების და მათი განლაგების გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით (კომისიაში რეგისტრაციის №).

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონისა (დოკუმენტის ნომერი 2039-IIს; სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017341) და კომისიაში შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის” მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე კომისიის მიერ, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ განცხადებაში მოცემული, გადამცემების განლაგების გეოგრაფიული მდებარეობის და ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, შერჩეულ იქნა რადიოსიხშირეები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ასაგებად.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის გასავრცელებლად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ასაგებად მინიჭებული სიხშირული რესურსის გამოყენებით, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მიერ გადამცემების ეტაპობრივი ინსტალაციისა და ექსპლუატაციაში გაშვებამდე წინა პერიოდის (2015 წლის 17 მარტამდე) განმავლობაში, შესაძლებელია განხორციელდეს მინიჭებული რადიოსიხშირეების (სატელევიზიო არხების) პარამეტრების კორექტირება, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილებში წარმოქმნილ რეალურ ელექტრომაგნიტურ ვითარებაში ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი 2039-IIს; სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017341) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ ვალდებულია 2015 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის აგება და ქვეყნის მასშტაბით ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის გავრცელება არაუგვიანეს 2015 წლის 17 მარტისა. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად პარალელური მაუწყებლობის (ტელემაუწყებლის სიგნალის ციფრულ და ანალოგურ ფორმატებში ერთდროულად გავრცელების) პერიოდში შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ ვალდებულია, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო არხების სიგნალებისა, თავის ქსელში ჩართოს და გაავრცელოს „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მაუწყებლების სიგნალები. აგრეთვე, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად პარალელური მაუწყებლობის პერიოდის გასვლის შემდეგ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ ვალდებულია უზრუნველყოს მულტიპლექს პლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების დაშვება მოთხოვნის შემთხვევაში, ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი 2039-IIს; სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017341; ვებ გვერდზე 27.02.2014-დან) მე-2 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       მიენიჭოს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“, რადიოსიხშირეები ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების და პირობების შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ასაგებად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გასავრცელებლად;

2.       დანართი ცნობილად იქნეს ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3.       შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ უზრუნველყოს:

ა)     2015 წლის 1 მარტამდე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის აგება და ქვეყნის მასშტაბით ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის გავრცელება არაუგვიანეს 2015 წლის 17 მარტისა;

ბ)    პარალელური მაუწყებლობის (ტელემაუწყებლის სიგნალის ციფრულ და ანალოგურ ფორმატებში ერთდროულად გავრცელების) პერიოდში, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო არხების სიგნალებისა, „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მაუწყებლების სიგნალების, თავის ქსელში ჩართვა და გავრცელება;

გ)    პარალელური მაუწყებლობის პერიოდის გასვლის შემდეგ მულტიპლექს პლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების დაშვება მოთხოვნის შემთხვევაში, ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით.

4.       აღირიცხოს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ მინიჭებული რადიოსიხშირეები (სატელევიზიო არხები) კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

5.       დაევალოს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

6.   საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსიხშირეების (სატელევიზიო არხების) მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

7.     გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) 1 თვის ვადაში;

8.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

9.       გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                                                       ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                   კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                                   ი. მოსეშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები