ComCom-ის წარმომადგენელმა ITU-EKIP ევროპის რეგიონულ მარეგულირებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელმა, მზია გოგილაშვილმა, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ევროპის ოფისისა და მონტენეგროს ელექტრონული კომუნიკაციების და საფოსტო მომსახურებების სააგენტოს (EKIP) მიერ ორგანიზებულ ევროპის რეგიონულ მარეგულირებელ ფორუმში (ITU-EKIP Regional Regulatory Forum for Europe 2025) მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების წლევანდელ თემას „მდგრადი და ადამიანზე ორიენტირებული ციფრული სამყაროს შექმნა“ წარმოადგენდა.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა სპეციალური სესია, რომელიც ITU-ს, ევროპის ხმელთაშუა ზღვის მარეგულირებელი ორგანოების ჯგუფისა (EMERG) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის (EaPeReg) სამმხრივ თანამშრომლობას მიეძღვნა. აღნიშნულ სესიაზე, რომელიც საზოგადოებრივი გაფრთხილების სისტემების, მობილური მაუწყებლობისა და ციფრული განგაშის მექანიზმების საკითხების განხილვას დაეთმო, მზია გოგილაშვილმა EaPeReg-ის სახელით ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ამ მიმართულებით პარტნიორ ქვეყნებში (აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) დაგეგმილი აქტივობები გააცნო.
ღონისძიებაზე მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებმა ასევე მიმოიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: გიგაბიტიანი დაკავშირებადობის ხელშეწყობა მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარების გზით; უნივერსალური დაფარვისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის გზები; რეგიონში ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარებისათვის სტრატეგიების შემუშავება; მაღალსიჩქარიანი ქსელების სარგებელი; მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა; წყალქვეშა კაბელები; კიბერუსაფრთხოება და მომხმარებელთა კონფიდენციალურობა; ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების ტენდენციები; ახალი ტექნოლოგიების რეგულირების სტრატეგიები და სხვა.
გარდა ამისა, ფორუმის ფარგლებში განიხილებოდა მარეგულირებლების რიგით 25-ე გლობალური სიმპოზიუმის (GSR-25) დროს მიღებული საუკეთესო პრაქტიკების სახელმძღვანელო (Best Practice Guidelines).
ევროპის რეგიონული მარეგულირებელი ფორუმი ყოველწლიური ღონისძიებაა და მისი მიზანი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დაინტერესებული მხარეების გაერთიანება და დიალოგის ხელშეწყობაა.