წვდომის მენიუ

დეკემბერი 01, 2025 12:31

ComCom „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ მარტვილში იწყებს

კომუნიკაციების კომისია მარტვილის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს. პროექტის ფარგლებში, მარტვილის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების, ადმინისტრაციისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა მონაწილეებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მარტვილის სამიზნე დასახლებების მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ სრულიად უფასოდ, ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში გადამზადდნენ და გაეცნონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა. სემინარები ასევე ითვალისწინებს სერტიფიკატს.

მარტვილში პროგრამის სამიზნე დასახლებებია: დიდი ჭყონი, დობერაზენი, მეორე გურძემი, მეორე კიწია, მესამე ბალდა, ნაჯახავო, ნახუნავო, ნოღა, ოჩე, პატარა ჟინოთა, საბერულავო, სკურდი, თარგამეული, წინაკვერკვე და ვახა.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 14 წელს ზემოთ, მარტვილის სამიზნე დასახლებების, ნებისმიერ მაცხოვრებელს. სემინარებზე დასასწრებად მსურველი პირები პროგრამის ციფრულ ელჩს უნდა დაუკავშირდნენ ნომერზე: 555 74 28 48.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები