შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის ანგარიში
კომუნიკაციების კომისია 2026 წლის 03 ოქტომბერს გამართული ახმეტის, დმანისის, წალკისა და ვანის მუნიციპალიტეტებში წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2026 წლის 14 აგვისტოდან 03 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს.
საანგარიშო პერიოდში რაოდენობრივი მონიტორინგი იმ 10 მაუწყებელზე განხორციელდა, რომელთა სამაუწყებლო ზონაშიც აღნიშნული არჩევნების საარჩევნო ოლქები შედის. მონიტორინგს დაექვემდებარა შემდეგი სამაუწყებლო არხები: ხარისხის არხი, გურჯაანი, რეგიონ ტვ, რიონი, არგო, იმერვიზია, მეგა TV, ზარი, ბოლნელი და TV 4.
მედიამონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანს წარმოადგენს:
ა) წინასაარჩევნო რეკლამა;
ბ) წინასაარჩევნო დებატები;
გ) ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;
დ) წინასაარჩევნო აგიტაცია;
ე) საზოგადოებრივი აზრის კვლევები/გამოკითხვები.
საანგარიშო პერიოდში მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემების, ასევე წინასაარჩევნო დებატების მონიტორინგის პროცესში ყურადღება გამახვილებულია სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან უფლებამოსილი პარტიებისთვის დათმობილ დროზე და მათი წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქებაზე. დაკვირვების საგანია ასევე მაუწყებლის მხრიდან იმ პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობის გაშუქება, რომლებიც არ წარმოადგენენ უფლებამოსილ პარტიებს, მაგრამ მონაწილეობენ არჩევნებში. მაუწყებლების მიერ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია სწავლობს ყოველ კონკრეტულ საკითხს და ატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
ზემოაღნიშნულ არხებზე რაოდენობრივი მონიტორინგი ჩატარდა, რაც სუბიექტისთვის დათმობილ დროს, პირდაპირ და ირიბ გაშუქებას მოიცავს. პირდაპირ დათმობილი დროის ფარგლებში ანალიზდება შემთხვევები, როდესაც საარჩევნო სუბიექტი/კანდიდატი უშუალოდ საუბრობს/მონაწილეობს გადაცემაში, ირიბად დათმობილი დროის ფარგლებში, გაანალიზებულია მაუწყებლის მიერ საარჩევნო სუბიექტზე/კანდიდატზე, მათ მხარდამჭერებზე საუბრისთვის დახარჯული დრო.
მონიტორინგის შედეგებში ინფორმაცია ასევე ჩაშლილია გენდერულ ჭრილში, კერძოდ, ცალკეულ მაუწყებლებზე საინფორმაციო გამოშვებების ფარგლებში ქალი და კაცი პოლიტიკოსებისათვის დათმობილი ჯამური დრო.
