წვდომის მენიუ

ოქტომბერი 20, 2020 11:05

სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №1

2016 წლის 14 იანვარი ქ. თბილისი

სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 33-ე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

დამტკიცდეს „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციები“ თანდართული სახით.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის პირველი აპრილიდან.

კომისიის წევრი                                                                    ელისო ასანიძე

თავმჯდომარე                                                                       ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                     მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                                                     გიორგი ფრუიძე

 

სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო  რეკომენდაციები

 

 მუხლი 1. სახელმძღვანელო რეკომენდაციების მიღების ნორმატიული საფუძველი და მიზანი

1. სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო  რეკომენდაციები (შემდგომში „რეკომენდაციები“) შემუშავებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 33-ე პუნქტის საფუძველზე.

2. რეკომენდაციების მიღების მიზანს წარმოადგენს აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივის (აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივა) შესაბამისად და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით დადგინდეს მაუწყებლის მიერ სპონსორზე მითითების ერთიანი სახელმძღვანელო რეკომენდაციები.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 

1. რეკომენდაციებში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ შესაბამისად.

2. ამ რეკომენდაციების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ახალი ამბები –  ნებისმიერი საინფორმაციო პროგრამა, მათ შორის, საგანგებო საინფორმაციო პროგრამა, რომელიც შეიცავს ეროვნულ, ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ახალ ამბებს;

ბ) მიმდინარე მოვლენების პროგრამა – პროგრამა, რომელიც შეიცავს საქართველოში ან/და მსოფლიოში პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ ან/და სხვა სფეროებში მიმდინარე კვირის/დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენებისა და საკითხების ანალიზს;

გ) ავტონომიური ნაწილებისგან შემდგარი პროგრამა – პროგრამა, რომელიც აერთიანებს რამოდენიმე ნაწილისგან შემდგარ, თემატურად განსხვავებული პროგრამების ბლოკს, ამ შემთხვევაში პროგრამების ბლოკები გამიჯნული უნდა იყოს ერთმანეთისგან  დროითი ან სივრცითი ხერხის გამოყენებით (მაგალითად: გამოყოფილი იყოს სარეკლამო წყვეტების, ან ტიხრების მეშვეობით, იცვლებოდეს წამყვანი, სტუდიის შემთხვევაში დეკორაცია და ა.შ.);

დ) პროგრამის ბლოკი – პროგრამის მონაკვეთი, რომელიც განსხვავებულია სხვა მონაკვეთებისგან თემატურად (იცვლება თემატიკა, სტუმრები, დეკორაცია) და გამოყოფილია სარეკლამო ან სხვა სახის ტიხრით მეშვეობით;

ე) პროგრამასთან დაკავშირებული მასალა – ნებისმიერი აუდიო – ვიზუალური ან/და სხვა სახის შინაარსობრივი მასალა, რომელიც ჩართულია სამაუწყებლო პროგრამაში და უშუალოდ დაკავშირებულია მასთან.

მუხლი 3. სპონსორობის პრინციპი

მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ:

ა) სპონსორობა იდენტიფიცირებული და რეკლამისგან, ტელეშოპინგისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებიგან (Product Placement) გამიჯნული იყოს;

ბ) სპონსორის გზავნილები გაიმიჯნოს პროგრამის შინაარსისგან, შენარჩუნდეს მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ მოხდეს პროგრამების შინაარსზე სპონსორის ზეგავლენა მიღებული სარგებლის სანაცვლოდ.

მუხლი 4. სპონსორობის დაუშვებლობა

1. სპონსორი შეიძლება იყოს ნებისმიერი საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული ან/და ფიზიკური პირი, გარდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლით განსაზღვრული პირებისა.

2. ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომლის ძირითადი საქმიანობაა სიგარეტის ან სხვა თამბაქოს ნაწარმის დამზადება ან გაყიდვა ან ისეთი საქონლის წარმოება ან მომსახურების მიწოდება, რომლის რეკლამირებაც აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით, არ შეიძლება იყოს სპონსორი.

3. აკრძალულია შემდეგი პროგრამების სპონსორობა:

ა) ახალი ამბების პროგრამები (გარდა სპორტული მიმოხილვისა და ამინდის პროგნოზისა, თუ ისინი პროგრამის ავტონომიური ნაწილების სახით გადაიცემა);

ბ) პროგრამები პოლიტიკურ საკითხებზე;

გ) პროგრამები მომხმარებელთა უფლებების შესახებ, საარჩევნო ან საარჩევნო კამპანიასთან პირდაპირ დაკავშირებული პროგრამები.

4. დაუშვებელია აზარტულ და მომგებიან სათამაშო ბიზნესში ჩართულმა ფიზიკურმა ან/და იურიდიულმა პირმა სპონსორობა გაუწიოს არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ პროგრამებს და ისეთ სპეციალიზებულ სამაუწყებლო არხს, რომლის პროგრამებიც ძირითადად განკუთვნილია ბავშვებისთვის.

მუხლი 5. სპონსორობისადმი წაყენებული მოთხოვნები (წესები)

1. სპონსორობის საკითხები მოწესრიგებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ და ამ რეკომენდაციებით.

2. სპონსორის მიერ ნაწილობრივ ან მთლიანად დაფინანსებულ პროგრამაში სპონსორზე ნათლად მიეთითება მისი სახელის, სასაქონლო ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის საშუალებით, პროგრამის დასაწყისში, მიმდინარეობისას ან/და დასასრულს. სპონსორის კავშირი დაფინანსებული პროგრამის შინაარსთან ნათელი უნდა იყოს აუდიტორიისთვის.

3. სპონსორზე მითითებისას მაუწყებელს საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა ტერმინები, მაგალითად: „დაფინანსებულია ... მიერ“; „...-თან ერთობლივად“; „...წარმოგიდგენთ...“ და ა.შ. ამავე დროს, მაუწყებლის მიერ თავიდან უნდა იქნეს აცილებული ორაზროვანი განცხადებები, რომელმაც შეიძლება დააბნიოს ან შეცდომაში შეიყვანოს აუდიტორია. ამასთან, მაუწყებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სპონსორზე გადაჭარბებული მითითება იმ აკრძალვების გათვალისწინებით, რაც მოცემულია წინამდებარე რეკომენდაციებში, კომისიის მიერ შესაძლებელია შეფასებულ იქნეს როგორც რეკლამა.

4. პროგრამაში სპონსორის შესახებ მითითება მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს პროგრამებისგან დროითი ან სივრცითი (ვიზუალური) ხერხის გამოყენებით.

5. სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებებს.

6. სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას.

7. მაუწყებლის მიერ სპონსორის იდენტიფიცირებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კრეატიული მიდგომა, რომელიც თემატურად აკავშირებს სპონსორს, სპონსირებულ პროგრამასთან (მაგალითად, ჟანრის, პერსონაჟების ან დეკორაციის გამოყენებით, რომლებსაც ისეთივე მახასიათებლები აქვთ, რაც ადამიანებს, პერსონაჟებს, დეკორაციებს პროგრამაში), თუმცა ამგვარი კრეატიული მიდგომა მიმართული უნდა იქნეს მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირებისკენ და არ უნდა შეიცავდეს პირდაპირ მოწოდება ან/და წაქეზებას საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ, მათ შორის ისეთი განცხადებების გაკეთებას, რომელიც ხაზს უსვამს სპონსორის საბაზრო ლიდერობას, სპონსორის მიერ შეთავაზებული საქონლის/მომსახურების ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებებსა და ეფექტურობას, მოხმარების წესებს და ა.შ. სასპონსორო განცხადებებში შესაძლებელია მითითებულ იქნეს სპონსორის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგ.: ტელეფონის ნომერი, ვებგვერდი და ა.შ) თუმცა ასეთი მითითებები არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ვიზუალური ან/და ვერბალური ფორმით, რაც გამოიწვევს პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ. მითითება საქონლის/მომსახურების ფასის შესახებ დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფასი არის პროდუქტის/მომსახურების მაიდენტიფიცირებელი.

8. პროგრამების მიმდინარეობისას/პროგრამების ანონსირებისას სპონსორზე მითითება უნდა იყოს მოკლე და შეიცავდეს ნეიტრალურ ვიზუალურ ან/და ვერბალურ განცხადებებს, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირებას. ასეთ მითითებას შეიძლება თან ახლდეს მხოლოდ სპონსორის სახელის გრაფიკული გამოსახულება, ლოგო ან ნებისმიერი სხვა განმასხვავებელი სიმბოლო. გრაფიკული გამოსახულების შინაარსი არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებებს და პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ.

9. გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამის მიმდინარეობისას სპონსორზე მითითება შესაძლებელია შეიცავს პროგრამის შინაარსზე უარყოფითი გავლენის  მოხდენის უფრო დიდ რისკს, მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კომისია მხედველობაში მიიღებს არა მხოლოდ აღნიშნული მითითების შინაარსს, არამედ ასეთი მითითებების მოცულობას, სიხშირეს და ხანგრძლივობას. პროგრამების მიმდინარეობისას სპონსორზე მითითებას არ უნდა მიენიჭოს იმაზე მეტი მნიშვნელობა, ვიდრე ეს საჭიროა მაყურებლის მიერ სპონსორის იდენტიფიცირებისთვის.

10. თუ პირს  ეკრძალება პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement), რომლის სპონსორიც ის არის,  სასპონსორო მითითებები ასეთი პროგრამის მიმდინარეობისას ნაჩვენები არ უნდა იყოს.

11. პროგრამასთან დაკავშირებული მასალის მხარდაჭერა დასაშვებია მხოლოდ სარედაქციო დასაბუთების არსებობისას. მაუწყებელი პასუხისმგებელი უნდა იყოს პროგრამასთან დაკავშირებულ მასალაზე. პროგრამასთან დაკავშირებული მასალა შეიძლება იყოს დაფინანსებული და სასპონსორო მითითებები შეიძლება ნაჩვენები იყოს, როდესაც მაყურებელს მიეწოდება დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ მოიპოვება მასალა. ნებისმიერი მითითება უნდა იყოს მოკლე და მეორეხარისხოვანი და უნდა იყოს გამოყოფილი პროგრამის სხვა ნებისმიერი სასპონსორო მითითებისაგან. მაყურებელმა ადვილად უნდა შეძლოს პროგრამასთან დაკავშირებული მასალის სასპონსორო მითითებებსა და სხვა სასპონსორო განცხადებების ერთმანეთისაგან გამიჯვნა.

12. პროგრამის სპონსორობა შესაძლებელია განხორციელდეს მაუწყებლის მიერ პროგრამების შექმნის/დამზადების ნებისმიერ ეტაპზე.

13. სპონსორობა ასევე შეიძლება მოიცავდეს სამაუწყებლობო არხის, დამოუკიდებელი პროგრამის, ან/და პროგრამის ბლოკის/ბლოკების დაფინანსებას.

14. დასაშვებია ახალ ამბებში ინტეგრირებული სპორტული მიმოხილვისა და ამინდის პროგნოზის  სპონორობა, თუ ისინი პროგრამის ავტონომიური ნაწილის სახით გადაიცემა. ამ შემთხვევაში სპორტული მიმოხილვისა და ამინდის პროგნოზის ბლოკები ახალი ამბების პროგრამაში იდენტიფიცირებული და გამიჯნული უნდა იყოს დროითი ან/და სივრცითი  (ვიზუალური) ხერხის გამოყენებით.

15. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაში სპონსორზე მითითება მსგავსია (მიმსგავსებულია) პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებასთან (Product Placement), ის უნდა აკმაყოფილებდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისთვის (Product Placement) გათვალისწინებულ წესებს.

16. თუ სპონსორი სამედიცინო პროდუქტების დამამზადებელია ან/და გამყიდველი და ეწევა სამედიცინო სამკურნალო მომსახურებას, დასაშვებია მხოლოდ ასეთი პირის სახელისა და გამოსახულების წარმოჩენა და სპონსორობა არ უნდა უკავშირდებოდეს იმ პროდუქტის წარმოჩენას, რომლის გაყიდვაც დაშვებულია მხოლოდ რეცეპტის საფუძველზე.

მუხლი 6. სამაუწყებლო არხის სპონსორობა

1. სამაუწყებლო არხის სპონსორობა უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე რეკომენდაციების მე-5 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. სამაუწყებლო არხის სპონსორობა მოიცავს მაუწყებლის მომსახურების სპონსორობას მთლიანობაში და არა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული ცალკეული პროგრამების სპონსორობას.

3. დაშვებულია საერთო მაუწყებლობის განმახორციელებელი იმ სამაუწყებლო არხის სპონსორობა, რომლის სამაუწყებლო ბადეშიც განთავსებულია ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის (მათ შორის, მიმდინარე მოვლენების) პროგრამები. აღნიშნულ შემთხვევაში მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ სპონსორი ინფორმირებული იყოს იმის თაობაზე, რომ არხის სპონსორობა არ მოიცავს ისეთი პროგრამების სპონსორობას, რომელთა სპონსორობაც აკრძალულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე რეკომენდაციების მე-4 მუხლის შესაბამისად.

4. არხის სპონსორობის საკითხის შესწავლისას კომისია ითვალისწინებს შემდეგ ფაქტორებს:

ა) სამაუწყებლო არხზე სპონსორის მიერ დაფინანსებული შინაარსის დროითი მოცულობა:

თუ მაუწყებლის სამაუწყებლო ბადის 25% შედგება ისეთი პროგრამებისგან, რომელთა სპონსორობაც აკრძალულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და წინამდებარე რეკომენდაციების შესაბამისად, სამაუწყებლო არხი განიხილება როგორც სპონსორობისთვის დაუშვებელი;

ბ) სამაუწყებლო არხის მიმართ აუდიტორიის მოლოდინის განსაზღვრა:

სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების პროპორციის მიუხედავად, სამაუწყებლო არხი განიხილება სპონსორობისთვის დაუშვებლად, თუ ის  საზოგადოებას თავს წარუდგენს ძირითადად როგორც საინფორმაციო არხი ან აუდიტორიის მიერ აღიქმება როგორც ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ პოლიტიკური პროგრამების არხად.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც ცნობილია სხვა (არასამაუწყებლო) სფეროში, ფლობს სამაუწყებლო არხს, სასპონსორო მითითებებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს რომ მაყურებელმა ადვილად შეძლოს გარჩევა სამაუწყებლო არხის მფლობელობასა და სასპონსორო შეთანხმებას შორის. შესაბამისად, სამაუწყებლო არხის სასპონსორო მითითებაში დასახელებული უნდა იყოს არხი და განმარტებული იყოს, ვინ არის სამაუწყებლო არხის სპონსორი (მაგ., არხი X დაფინანსებულია Y-ის მიერ). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  მითითებამ მკაფიოდ განმარტოს, რომ დაფინანსებულია არხი და არა კონკრეტული პროგრამები.

6. არხის სპონსორობის შემთხვევაში სპონსორზე ნათლად მიეთითება მისი სახელის, სასაქონლო ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის საშუალებით, სამაუწყებლო ბადეში განთავსებული ნებისმიერი პროგრამის დასაწყისში, მიმდინარეობისას ან/და დასასრულს, გარდა იმ პროგრამების დასაწყისის, მიმდინარეობისა და დასასრულისა, რომელთა სპონსორობაც აკრძლულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე რეკომენდაციების მე-4 მუხლით. არხის სპონსორზე მითითება შესაძლებელია ასევე განხორციელდეს სამაუწყებლო არხის ლოგოს ჩვენებისას, თუმცა ამ შემთხვევაშიც სპონსორზე მითითება უნდა იყოს მოკლე და მიზნად უნდა ისახავდეს მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირებას.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები