ტელეკომპანია „მე-5 არხის“ სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „მე-5 არხის“ სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედაგად ირკვევა, რომ ტელეკომპანია 2013 წლის 18 იანვრის შემდეგ მაუწყებლობას არ ახორციელებს. გარდა ამისა, „მე-5 არხს“ კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები, ასევე კომპანიას გააჩნია სალიცენზიო გადასახადის დავალიანება 12 ათას ლარზე მეტი ოდენობით და ტელეკომპანია „მე-5 არხის“ 50% წილის მფლობელი ბოლნისის მუნიციპალიტეტია.
სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, კომისიამ ტელეკომპანია „მე-5 არხის“ სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება გადაწყვიტა.
საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2014 წლის 27 მარტს, 16:00 საათზე გაიმართება. საჯარო სხდომაზე ტელეკომპანია „მე-5 არხის“ ხელმძღვანელი პირებიც იქნებიან მოწვეულნი და მათ საკუთარი კომპანიის ინტერესების დაცვის საშუალება ექნებათ.