წვდომის მენიუ

ოქტომბერი 07, 2013

სამაუწყებლო პრიორიტეტები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაადგინა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სამაუწყებლო სივრცეში პირველ რიგში, ისურვებდა უფრო მეტ სპეციალიზებულ (შემეცნებით) მაუწყებლობას, ამავე კვლევის თანახმად, მეორე ადგილზეა სათემო მაუწყებლობა (მაუწყებელი, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება, და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას) და ბოლოს, მესამე ადგილზეა საერთო მაუწყებლობა - საინფორმაციო და საზოგადოებრივ პოლიტიკური პროგრამებით მაუწყებლობა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა სამაუწყებლო ზონების მიხედვითაც ჩატარდა. შედეგი ცხრა სამაუწყებლო ზონაში, უმნიშვნელო სხვაობით, ერთნაირია. ყველა სამაუწყებლო ზონაში პრიორიტეტული სპეციალიზებული (შემეცნებითი) მაუწყებლობაა, მხოლოდ რამდენიმე ზონაში სათემო და საერთო მაუწყებლობის რიგითობა იცვლება.

შეგახსენებთ, კომისიის მიერ სამაუწყებლო პრიორიტეტების დადგენის მიზნით კვლევის ჩატარებაზე გამოცხადებულ ტენდერში „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა“ (IPM) გაიმარჯვა. კომპანიამ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოუდგინა კომისიას, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განიხილა და დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის შესაბამისად, კომისია 2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე – ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს. კომისია მომდევნო ორი წლის განმავლობაში სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის დროს დღეს დამტკიცებული ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებით იხელმძღვანელებს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები