რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “ბროდბანდ 4 იუ”-მ ფართოზოლოვანი მომსახურებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაძლებელია გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა” და კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი:
- წყვილი სიხშირული ზოლი: 27912,5 მჰც ÷ 27968,5 მჰც და 28 920,5 მჰც ÷ 28 976,5 მჰც;
ბ) თითოეული ზოლის სიგანე: 56 მჰც
გ) გადამცემის გამოსასვლელი სიმძლავრე: 0.112 ვტ. (20.5 dbm);
დ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული საზღვარი: ქ.თბილისი, ქ.რუსთავი, ქ.ქუთაისი და ქ.ბათუმი;
2. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 380,054.40 (სამას ოთხმოცი ათას ორმოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარით;
3. აუქციონების ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2008 წლის 17 ოქტომბრის 13:00 საათი;
4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2008 წლის 28 სექტემბრის 17:00 საათამდე;
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.