წვდომის მენიუ

ივლისი 22, 2013

რადიომაუწყებლობის კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა

თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას ხუთი კომპანია მიიღებს, ესენია: შპს „არტპალასი“, შპს „ენერჯი გრუპი“, შპს „სტერეო+“, შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ და შპს „არტ რადიო“.

შეგახსნებთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი 2013 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

საკონკურსო პირობების თანახმად, ლიცენზიის სახე იქნება - კერძო მაუწყებლობა, სახეობა - საერთო რადიომაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა კი ქ. თბილისი, მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი

.ლიცენზიის მაძიებლის მიმართ წაყენებულია  პროგრამირების შემდეგი მინიმალური მოთხოვნები, არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გადაცემებით მაუწყებლობა.

კონკურსში მონაწილე იურიდიულმა ან/და ფიზიკურმა პირმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაცია და სამაუწყებლო ბადე დალუქულ მდგომარეობაში წარმოადგინეს.

რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებული კონკურსის მოსამზადებელი სხდომა, სადაც დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება 2013 წლის 25 ივლისს 13:00 საათზე გაიმართება. 2013 წლის 22 აგვისტოს 13:00 საათზე ჩანიშნულია ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კონკურსანტები თავიანთ პოზიციებს დააფიქსირებენ, ხოლო კონკურსი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად 2013 წლის 26 აგვისტოს 13:00 საათზე გაიმართება.

სამწუხაროდ, კონკურსში მონაწილეობის ერთი მსურველის (რადიო „კომერსანტის“) საბუთების მიღება დაგვიანების გამო არ მოხერხდა. თბილისში რადიომაუწყებლობის კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია 2013 წლის 22 ივლისის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა, კომპანიამ კი განაცხადი მონაწილეობის მიღების თაობაზე 22 ივლისის 17:00:08 საათზე წარმოადგინა, რის გამოც კომისიამ დოკუმენტაცია აღარ ჩაიბარა. ამ ფაქტს შპს „ჰერეთის“ და შპს „არტ რადიოს“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები