იანვარი 22, 2016 15:32

ქართული დამწერლობით ინტერნეტ მისამართების გამოყენება ხდება შესაძლებელი

ქართული დამწერლობით ინტერნეტ მისამართების გამოყენება ხდება შესაძლებელი - მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციამ (ICANN) საქართველოს ოფიციალურად მიანიჭა უფლება საინტერნეტო მისამართები დაწეროს მხედრული ანბანითა და შემდეგი დაბოლოებით „ .გე “, საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი კი საქართველოსთან ასოცირებული ინტერნაციონალიზირებული ზედა დონის დომენების კოორდინატორი გახდა.

 ამ ეტაპზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა სარგებლობს არალათინური დამწერლობის გამოყენებით გლობალურ ქსელში დომენური სახელწოდებების გამოყენების პროცესში, რომლებიც სლავურ-კირილურ, არაბულ, ინდურ, ჩინურ და ებრაულ დამწერლობას იყენებენ.

 სიახლე ქართული ინტერნეტ-სივრცისათვის რამოდენიმე კუთხით არის მნიშვნელოვანი. გლობალიზაციის პროცესის ფონზე, ქართულენოვანი საინტერნეტო მისამართები გაზრდის ქართული ენის გამოყენებას ინტერნეტსივრცეში და ხელს შეუწყობს მისი თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ასევე, ქართულენოვანი ინტერნეტ-მისამართების ამოქმედებით ინტერნეტის მოხმარებას შეძლებს გაცილებით მეტი აბონენტი, განსაკუთრებით რეგიონებში და სოფლად, სადაც მოსახლეობა ნაკლებად ფლობს უცხო ენას; ქართულენოვანი ინტერნეტ-მისამართების ამოქმედებით, მოსახლეობა შეძლებს დაბრკოლების გარეშე გამოიყენოს ქართული ვებ-გვერდები, მაგალითად, თუნდაც ინტერნეტ-ბანკინგი, ან შემეცნებითი და გასართობი ინტერნეტ-გვერდები და სხვა; საინტერესო სიახლე იქნება ასევე, სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ჯერ არ ფლობენ უცხო ენებს. კერძოდ, ისინი მშობლის დაუხმარებლად შეძლებენ ისეთი დავალებების მომზადებას, რომელიც ინტერნეტის მოხმარებას მოითხოვს, ანუ მოსწავლეებს მიეცემათ ინტერნეტ-სივრცეში განთავსებული ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებისა და დამუშავების შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათი დამუკიდებლად მუშაობის უნარის ამაღლებასა და თვით-განვითარებას; და რაც მნიშვნელოვანია, ხელს შეუწყობს უცხოეთის ქართულ დიასპორაში და მათ მომავალ თაობებში  ქართული ენის და დამწერლობის ცოდნის შენარჩუნებას და ამაღლებას.

2016 წლის 20 იანვრიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრმა დაიწყო წინასწარი რეზერვაციის პროცესი სახელმწიფო საჭიროების, სავაჭრო ნიშნის შემცველი ან .ge ზონაში არსებული საინტერნეტო მისამართების შესატყვისი .გე ზონის  დომენების სარეზერვო ბაზის შესაქმნელად. წინასწარი რეგისტრაციის პროცესის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ .გე ზონის დომენების რეგისტრაცია ხდება საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირისათვის როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების რეზიდენტთათვის, ონლაინ პროცედურით საიტზე რეგისტრაცია.გე.

საქართველო 2005 წლის თებერვალში მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის  ICANN-ის მე-100 სამთავრობო წევრი გახდა. ქვეყნის ინტერესებს ზემოაღნიშნულ კომიტეტში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები