მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა განცხადებით შპს “FURNESS INDASTRY LTD”-მ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.
კომისიამ განიხილა წარმოდგენილი განაცხადი და აღნიშნავს, რომ არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაძლებლად მიაჩნია გამოცხადდეს აუქციონი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა” და კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს აუქციონი 880.335 მჰც¸883.365 მჰც; 887.055 მჰც¸889.515 მჰც; 925.335 მჰც¸928.365 მჰც; 932.055 მჰც¸934.515 მჰც სიხშირულ დიაპაზონში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
2. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2007 წლის 28 დეკემბრის 14:00 საათი;
3. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 11,614,239.00 (თერთმეტი მილიონ ექვსას თოთხმეტი ათას ორას ოცდაცხრამეტი) ლარით;
4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2007 წლის 17 დეკემბრის 17:00 საათამდე;
5. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 580,712 (ხუთას ოთხმოცი ათას შვიდას თორმეტი ლარი).
6. სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
ბ) ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში განახორციელოს არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:
რეგიონი 1: ქ.თბილისი;
რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;
რეგიონი 4: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;
რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;
რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები;
რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;
რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის რაიონები;
რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;
რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონები;
რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის რაიონები;
გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;
7. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი განცხადებით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
8. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი.ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სააქციო კომერციულ ბანკში ”თი-ბი-სი” ან სს ”ბაზისბანკში” შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’; -ბანკი: სს ,,ბაზისბანკი’’;
-ა/ანგარიში: 609326; -ა/ანგარიში: 7434136;
-კოდი: 220101830; -კოდი: 220101956;
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050; -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;
თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %, გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში;
9. აუქციონში მონაწილეობის უფლება არა აქვს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული სპექტრიდან 50 პროცენტის ან მეტის მფლობელი.
10. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტში მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
11. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;