მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტის საბოლოო განხილვა
2008 წლის 13 ივნისს, 11:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტის საბოლოო განხილვა გაიმართება, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა ევროპის საბჭოს ექსპერტებთან ერთად პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილონ.
საქართველოს კომუნიკაცეიბის ეროვნულ კომისიას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის თანახმად საქართველოში მოქმედ მაუწყებლებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციის საფუძველზე ქცევის კოდექსის შემუშავება დაევალა.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტის შემუშავების პროცესში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გარდა, აქტიურად მუშაობდნენ შემდეგი ტელეკომპანიები: ”რუსთავი2”, ”იმედი”, ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”, ”კავკასია” და ”მზე”, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები: ”მართმადიდებელ მშობელთა კავშირი”, ”თავისუფლების ინსტიტუტი”, ”პედაგოგთა კავშირი”, კავშირი ”იბერიანა”, ”მედია საბჭო”, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი და მოქალაქე გიორგი ყიფიანი.
ხვალინდელ შეხვედრაზე მხარეები მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტთან დაკავშირებულ საბოლოო შენიშვნებს წარმოადგენენ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია მაუწყებელთა ქცევის კოდექსს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 21 ივლისისა დაამტკიცებს.