წვდომის მენიუ

აგვისტო 08, 2013

კომისიის გადაწყვეტილება სასამართლომ ძალაში დატოვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა.

რადიო „მაესტრო“ (შპს "ქართული რადიო") კომისიის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლის მიხედვითაც კომპანიას სამაუწყებლო ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის უფლება ორი წლის ვადით შეეზღუდა.

შეგახსენებთ, რადიო „მაესტრო“, 2013 წლის 25 თებერვალს, დაბა გუდაურში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამართულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა. კომპანიას კონკურსში გამარჯვების შესახებ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადაეხადა სალიცენზიო გადასახადის 20% (344.25 ლარი). თუმცა, შპს „ქართულ რადიოს“ კომისიაში კანონით დადგენილ ვადაში სალიცენზიო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.

კომისიამ დაბა გუდაურში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ 2013 წლის 25 თებერვლის,  N117/10 გადაწყვეტილება  შპს „ქართულ რადიოს“ ოფიციალურად გაუგზავნა. შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად აღნიშნული  საფოსტო გზავნილი შპს „ქართულ რადიოს“ 2013 წლის 20 მარტს ჩაბარდა.

კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კონკურსში გამარჯვებული კომპანიის მიერ სალიცენზიო გადასახადის 20%-ის, გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში,  გადაუხდელობის გამო ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო. ამავე კანონის თანახმად, შპს „ქართულ რადიოს“ ორი წლის ვადით  შეეზღუდა სამაუწყებლო ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის უფლება.

სწორედ, კომისიის ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში რადიო „მაესტრომ“. სასამართლომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. შპს „ქართული რადიო“ ორი წლის განვალობაში ვერ მიიღებს მონაწილეობას სამაუწყებლო ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსებში.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები