კომისიამ შპს „ტელეკომპანია რუსთავი -2“ წინასაარჩევნო პერიოდში ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო წერილობით გაფრთხილა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ და ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.
წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო პროცესის გაშუქების დროს არადისკრიმინაციულობის, გამჭვირვალობის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის პრინციპებისა და ბალანსის დაცვის მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კენჭრისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები და მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირები, ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ვალდებულნი არიან წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ შემდეგი სახის ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო; ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი; საეთერო დროის ტარიფი და ინფორმაცია გაწეული მომსახურების შესახებ.
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთვი 2“-ს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან, 2016 წლის 8 ივნისიდან ამავე წლის 22 აგვისტომდე კომისიაში არ წარმოუდგენია ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია. ტელეკომპანიამ 22 აგვისტოს წარმოადგინა „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრული ინფორმაცია, თუმცა არასრულყოფილად.
საკითხის არსებითი განხილვის და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს პოზიციის მოსმენის შემდეგ, კომისიამ ტელეკომპანია კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში და ფორმით ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო წერილობით გააფრთხილა.