წვდომის მენიუ

ოქტომბერი 13, 2017 16:54

კომისიამ შპს „მაგთიკომი“, შპს „ბილაინი“ და შპს „ჯეოსელი“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური ოპერატორები შპს „მაგთიკომი“, შპს „ბილაინი“ და შპს „ჯეოსელი“ სააბონენტო ხელშეკრულების გაფორმების წესის დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის და კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“  თანახმად, მობილური სატელეფონო მომსახურების გაწევის თაობაზე მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება  მობილურ ოპერატორს ეკისრება. ამავე რეგულაციების თანახმად, მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ინფორმაციის სისწორის შემოწმების  ვალდებულებაც ოპერატორს ეკისრება.

კომისია პერმანენტულად ატარებს მობილური ოპერატორების მონიტორინგს. 2017 წლის 7 სექტემბერს ჩატარებული შემოწმების შედეგად, სამივე მობილურ ოპერატორთან განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა - სააბონენტო ხელშეკრულების გაფორმება და სიმ ბარათების შეძენა. სამივე მობილურ ოპერატორთან შესაძლებელი გახდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე და მცდარი პირადი მონაცემებით სააბონენტო ხელშეკრულების დადება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ  მობილური ოპერატორის მიერ მომხმარებლებთან საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ წერილობითი ხელშეკრულებების დადების გარეშე მომხმარებლებისათვის გადაცემული სააბონენტო ნომრები ხშირ შემთხვევებში გამოიყენება ტექნიკურ მოწყობილობებში (ე.წ. „სიმ ბოქსები“), რომელთა საშუალებით ხდება საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნა. ასეთ დროს რთულია სააბონენტო ნომრების მფლობელის იდენტიფიცირება, რითაც ზიანი ადგება როგორც  თავად ოპერატორს, ასევე  სახელმწიფო ბიუჯეტს. მომხმარებელთან სათანადო ხელშეკრულების დადების პირობების დაცვა, არა მხოლოდ მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაა, არამედ ხელს უწყობს ასეთი სახის კანონდარღვევის (საერთაშორისო ზარების განხროციელების დროს თაღლითობა) პრევენციასაც.

კომისიამ საკითხი საჯარო სხდომაზე განიხილა, მოისმინა სამივე მობილურ ოპერატორის შპს „მაგთიკომის“, შპს „ბილაინის“ და შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლების პოზიციები და მიიჩნია, რომ ოპერატორებმა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და  „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები დაარღვიეს, რის გამოც, კომისიამ სამივე კომპანია წერილობით გააფრთხილა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები