წვდომის მენიუ

მარტი 06, 2014

კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ სიხშირეები მიანიჭა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გავრცელების უზრუნველსაყოფად შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ რადიოსიხშირეები უსასყიდლოდ მიანიჭა.

კომისიის გადწყვეტილების თანახმად, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი 2015 წლის 1 მარტამდე უნდა ააგოს და 2015 წლის 17 მარტამდე, ქვეყნის მასშტაბით, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის გავრცელება უზრუნველყოს.

ამავე გადაწყვეტილებით, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ დაეკისრა ვალდებულება პარალელური მაუწყებლობის (ტელემაუწყებლის სიგნალის ციფრულ და ანალოგურ ფორმატებში ერთდროულად გავრცელების) პერიოდში, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო არხების სიგნალებისა, „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით განსაზღვრული მაუწყებლების  („რუსთავი2“, „ტელეიმედი“ და „I სტერეო“) სიგნალების, თავის ქსელში ჩართვა და გავრცელება.

ასევე, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ ვალდებულია პარალელური მაუწყებლობის პერიოდის ვადის გასვლის შემდეგ, მულტიპლექს პლატფორმაში (სატელევიზიო ქსელი) არსებულ თავისუფალ რესურსთან ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების  (სხვა მულტიპლექს ოპერატორების) მოთხოვნის შემთხვევაში დაშვება უზრუნველყოს,  ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით.

და ბოლოს, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელდება  ცვლილებები, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსიხშირეების (სატელევიზიო არხების) მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან.

გადაწყვეტილების სრული ვერსია და ტექნიკური ნაწილი სამი სამუშაო დღის ვადაში გამოქვეყნდება კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები