წვდომის მენიუ

ოქტომბერი 31, 2017 11:14

კომისიამ რვა მაუწყებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, ორი მაუწყებლის მიმართ კი საქმის წარმოება გრძელდება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რვა მაუწყებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, ორი მაუწყებლის მიმართ კი საქმის წარმოება გრძელდება.

საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წინასაარჩევნო პერიოდში მედია მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგს ექვემდებარება ყველა საერთო მაუწყებელი, ასევე ის სპეციალიზებული მაუწყებელი, რომელიც გადაწყვეტს საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსოს წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა და ის გაზეთები, რომლებიც ფინანსდება ადგილობრივი ან ცენტრალური ბიუჯეტიდან. კომისიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედია მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში, რომელიც 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავდა, 2017 წლის 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა. მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ რიგი მაუწყებლები საკუთარ სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებენ საინფორმაციო გამოშვებებს ან/და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს. ეს მაუწყებლებია: შპს „ტელეკომპანია ეგრისი“, შპს „ტელეკომპანია ქართული არხი“, ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხა“, შპს „ეკომი“, შპს „ფოთი ტვ“, შპს „დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია ოდიში“, შპს „ჰამბურგი“ (რადიო ცხელი-შოკოლადი), შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარი“, შპს „კომპანია მედიასტრიმი“ (რადიო ენერჯი) და  შპს „რ-რადიო“.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა.

კომისიის საჯარო სხდომა 2017 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა. სხდომაზე მოწვეული იყო ყველა ტელეკომპანიის წარმომადგენელი. კომისიას საკითხთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაციის შესწავლის და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, შვიდი მაუწყებელი -შპს „ტელეკომპანია ეგრისი“; ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხა“; შპს „ეკომი“, შპს „ფოთი ტვ“; შპს „დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია ოდიში“; შპს „ჰამბურგი“ (რადიო ცხელი-შოკოლადი); შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარი“, წერილობით გააფრთხილა, ხოლო შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ 2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა, რადგან ტელეკომპანიას ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული სახის დარღვევა მეორედ დაუფიქსირდა. რაც შეეხება, შპს „კომპანია მედიასტრიმს“ (რადიო ენერჯი) და შპს „რ-რადიოს“, ამ კომპანიების მიმართ წარმოება გრძელდება და კომისია განხილვას 2017 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე გააგრძელებს.

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები