კომისია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია დღეს მედიით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის და რადიო „ჰერეთის“ ერთობლივ განცხადებას ეხმიანება, კომისიაში მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში რადიო „ჰერეთის“ მხარედ ჩართვასთან დაკავშირებით.
უპირველეს ყოვლისა, არც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს და არც რადიო „ჰერეთს“ კომისიაში შპს „ენერჯი გრუპის“, იგივე რადიო „ზენიტის“ მიერ რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენის და ასევე, ამავე კომპანიაზე რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად ჩართვის შესახებ კომისიის უარია არ მიუღია.
გვინდა განვმარტოთ, რომ კომისია საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსზე“ დაყრდნობით წარმართავს. ცნობა კომისიაში სხდომის ჩატარების შესახებ ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე (www.gncc.ge) სამი სამუშაო დღით ადრე, სადაც მითითებულია სხდომის ჩატარების თარიღი, დრო და მისამართი, ასევე განსახილველი საკითხი. სხდომაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, რომელიც ასევე უფლებამოსილია ჩაერთოს საკითხის განხილვაში და კომისიას წარუდგინოს საკუთარი პოზიცია, როგორც ზეპირად ასევე, წერილობით. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მიზანს სწორედ ყველას თანაბარ მონაწილეობას წარმოედგენს ადმინისტრაციულ წარმოებაში.
უფრო მეტიც, თავად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ქ-ნ ეკატერინე ციმაკურიძე და რადიო „ჰერეთის“ დირექტორი, რამაზ სამხარაძე თავად ესწრებოდნენ 2013 წლის 6 დეკემბერს კომისიაში ზემოთ ხსენებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას. მათ სხდომაზევე შეიტყვეს საკითხის ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღი, დრო და მისამართი. ამავე დროს, შპს „ენერჯი გრუპის“, იგივე რადიო „ზენიტის“ მიერ რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენის და ასევე, ამავე კომპანიაზე რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოების მასალები საჯაროა და ხელმისაწვდომია კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) ყველასთვის.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, კომისია ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.