კომისია აფბას განცხადებას ეხმიანება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ეხმიანება საქართველოში საბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ საბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვა მიზნად ისახავდა სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს შორის კონკურენციის გაღვივებას, ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს დამკვიდრებას. ყოველივე ეს კი საბოლოო ჯამში მომხმარებლის კეთილდღეობაზე პირდაპირპროპორციულად ისახება. კომისიის აზრით, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვით გამართლდა კომისიის მოლოდინები. შედეგად მივიღეთ, მობილური თუ ფიქსირებული სატელეფონო ბაზარზე გააფთრებული კონკურენცია და სამჯერ შემცირებული ფასები.
რაც შეეხება სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურს და ამ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც ტექნიკურად უზრუნველყოფს პორტირებას.
კომისიამ საჯარო კონკურსი პორტირების ადმინისტრატორის შესარჩევად 2010 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით გამოაცხადა და ამავე გადაწყვეტილებაში საკონკურსო საბჭოც ჩამოაყალიბა. საკონკურსო საბჭოში 5 კომისიის აპარატის თანამშრომელი, 5 ყველაზე მსხვილი ოპერატორის წარმომადგენელი და ერთიც დამოუკიდებელი ექსპერტი შევიდა შემდეგი შემადგენლობით: ა) კახი ყურაშვილი - თავმჯდომარე, კომისია; ბ) თეა ტყეშელაშვილი - წევრი, საბჭოს მდივანი, კომისია; გ) ელისო ასანიძე - წევრი, კომისია; დ) დავით ქუთათელაძე - წევრი, კომისია; ე) დავით ჭანკოტაძე - წევრი, კომისია; ვ) ანდრია აბაშიძე - წევრი, შპს „მაგთიკომი“ (წერილი N6/2259-10 13.07.2010); ზ) ირაკლი ესართია - წევრი, შპს „მობიტელი“ (წერილი N6/2374-10 19.07.2010); თ) ლევან ინჯია - წევრი, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“ (წერილი N6/2455-10 22.07.2010); ი) მალხაზ ჟორჟიკაშვილი - წევრი, შპს „ჯეოსელი“ (წერილი N6/2470-10 23.07.2010); კ) ლევან ბუჩუკური - წევრი, სს „სილქნეტი“ (წერილი N6/2501-10 28.07.2010); ლ) კარინ იოჰანსონი - წევრი (დამოუკიდებელი ექსპერტი) საკონკულტაციო ფირმა „ბოკა კონსალტინგი“ (შვედეთი);
ამ საკონკურსო საბჭომ 9 ხმით 2–ის წინააღმდეგ გამარჯვებულად გამოაცხადა შპს „მედია პრო ჯორჯია“. კომისიამ საჯარო სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება კონკურსის გამოცხადების შესახებ, ასევე საჯარო სხდომაზე გამოავლინა გამარჯვებული, გარდა ამისა, კომისიის აპარატის წარმომადგენლები საკონკურსო საბჭოში არ იყვნენ უმრავლესობაში.
აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ შპს „მედია პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგი საკონკურსო საბჭოს მხოლოდ ორმა პირმა მისცა, როდესაც საკონკურსო საბჭოს შემადგენლობაში 5 კერძო კომპანიის წარმომადგენელი იყო. საკმაოდ არადამაჯერებლია, რომელიმე კერძო ოპერატორს საკუთარი კომპანიის საზიანო გადაწყვეტილება მიეღო. კომისია ეთანხმება მოსაზრებას, რომ პორტირების უზრუნველყოფა ხარჯებთან არის დაკავშირებული და არც ერთ ქვეყანაში არც ერთი ოპერატორი სიხარულით არ შეხვედრია პორტირების დანერგვას. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ პორტირების გადასახადს რეალურად ვიხდით ჩვენ, აბონენტები, რაც რა საკვირველია ასახულია ჩვენს მიერ ოპერატორებისათვის გადახდილ ტარიფებში.
რაც შეეხება განცხადებას მონაცემთა ცენტრალური ბაზის ლიტვაში განთავსების შესახებ და ასევე, ზარების შესახებ ინფორმაციის თავმოყრას სხვა ქვეყანაში- გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის ცენტრალურ ბაზაში ინახება მხოლოდ მონაცემები პორტირებული სააბონენტო ნუმერაციის რესურსის შესახებ, რომელიც ასევე გარკვეული პერიოდულობით (24 საათში ერთხელ) კოპირდება საქართველოს ფარგლებში მოქმედი ოპერატორების ქსელებში არსებულ მონაცემთა ბაზებში, ანუ ცენტრალურ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მომხმარებლები რეალურად არიან სწორედ საქართველოს ფარგლებში არსებული ოპერატორები. ასევე, გვინდა ავღნიშნოთ, რომ ზარის განხორციელების პროცესში ცენტრალური მონაცემთა ბაზა არანარი ფორმით არ მონაწილეობს, ისევე როგორც არ გააჩნია ინფორმაცია განხორციელებული ზარების შესახებ. მოცემულის გადასამოწმებლად შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელ ოპერატორს.
უფრო მარტივად რომ ავხსნათ მოვიყვანთ მაგალითს: თუ პორტირების პროცესის დანერგვამდე ყველა აბონენტი და ყველა ოპერატორი სააბონენტო ნომრის პირველი ციფრებით არკვევდა თუ რომელი ოპერატორის ქსელში არის გააქტიურებული ესა თუ ის ნომერი, (მაგ: 577--------ჯეოსელში, 599-------- მაგთიკომში და ა.შ) პორტირების პოცესის შემდეგ შეუძლებელი ხდება იმის გარკვევა თუ რომელი ოპერატორი ემსახურება ამა თუ იმ სააბონენტო ნომერს. ანუ თუ 577------- ნომერი დაპორტირდა, საქართველოს ფარგლებში არსებულ ყველა ოპერატორს სჭირდება მონაცემი იმის თაობაზე, თუ რომელი კომპანიიის (მაგ-მაგთიკომის, მობიტელის თუ სილქნეტის) ქსელში გადავიდა ჯეოსელის აბონენტი, რათა ზარი გაუშვან სწორედ იმ ოპერატორთან, რომლის მომსახურებასაც იღებს პორტირებული ნომრის მქონე აბონენტი. შესაბამისად პორტირებულ ნომერთა მონაცემთა ბაზა (რომელიც მოიცავს ინფორმაციას მხოლოდ ნომრისა და მისი მომსახურე ოპერატორის შესახებ- მაგ: 577------- მაგთიკომი) არსებობს სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში მოქმედმა ოპერატორებმა დაუბრკოლებლად შეძლონ თავიანთი საქმიანობის განხორციელება, ხოლო აბონენტებს არ შეეზღუდოთ არჩევანი.
„საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ასევე აცხადებს, რომ პორტაბელურობის დანერგვა კანონის ფარგლებში არ განხორციელდა. საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა იმის გაცხადება, თითქოს 2010 წელს მოხდა ტენდერის ჩატარება და 2011 წელს განხორციელდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება. ქვემოთ მოყვანილ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის დადგენილება სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დადგენილების შესახებ, რომელიც კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონით თანახმად მიიღო: http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=7060&info_id=8434
განცხადებაში ასევე საუბარია, კომისიის თავმჯდომარის და სხვა პირების კერძო ინტერესებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული დოკუმენტური მტკიცებულებების გარეშე კომისია თავს შეიკავებს განცხადებისგან.
და ბოლოს, კომისიას ძალიან კარგად ახსოვს „საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ბრიფინგები სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვამდე, სადაც ეს ორგანიზაცია მომხმარებელთა ინტერესებზე საუბრობდა და კომისიას მყისიერი ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდებდა. ახლა კი, მას შემდეგ რაც კომისიამ მიაღწია ბაზრის ამ სეგმენტზე კონკურენციის გამძაფრებას, საცალო ბაზარზე ტარიფის დაკლებას და ამით მომხმარებელთა ინტერესების გაუმჯობესებას, ეს ორგანიზაცია კომისიას ტენდენციურობაში ადანაშაულებს. ყოველივე ეს კი გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რეალურად ეს ორგანიზაცია მხოლოდ ხმაურის შექმნას ცდილობს.
სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარეჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების სრული ვერსია იხილეთ შემდეგ ლინკზე: http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=7070&info_id=8427
კომისიის უფრო ვრცელ პოზიციას „საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ხვალ გამოვაქვეყნებთ.