ITU-ს გენერალური მდივნის მოადგილის ჰულინ ჟაოს ვიზიტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) გენერალური მდივნის მოადგილეს, ჰულინ ჟაოს მასპინძლობს.
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჰულინ ჟაოსთან შეხვედრა კომისიაში გაიმართა. შეხვედრას კომისიის თავმჯდომარე, კარლო კვიტაიშვილი გაუძღვა. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) დელეგაციასთან შეხვედრას ასევე კომისიის წევრები და კომისიის აპარატის ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.
კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა სტუმრებისთვის პრეზენტაცია გამართა და კომისიის მიერ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების მეთოდოლოგიაზე ისაუბრა, ასევე მიმდინარე პროექტებსაც შეეხო და ტელესაკომუნიკაციო ციფრული რუკების შედგენასთან დაკავშირებით გეგმები გააცნო სტუმრებს. კომისიის რადიოსიხშირული მართვის დეპარტამენტი კი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს შეხო, ასევე მეზობელ ქვეყნებთან რადიო სიხშირული სპექტრის კოორდინაცია და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაებზე არსებული პრობლემატიკაც განიხილა.
თავის მხრივ, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) გენერალური მდივნის მოადგილემ, ჰულინ ჟაომ საქართველოზე, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თვალნათელია საქართველოს პროგრესი ტელესაკომუნიკაციო დარგის განვითარების პროცესში, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული ანგარიშიდანაც ეს ძალიან კარგად ჩანს, სადაც მსოფლიოს 160 ქვეყანის ტელეკომუნიკაციების დონის შეფასებისას საქართველო წელს ორი საფეხურით დაწინაურდა. ჰულინ ჟაო, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) სახელით, მზადყოფნას გამოთქვამს გაგრძელდეს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და გაერთიანებას შორის.
მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და საქართველოს ეკონოკმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანება (ITU) 1865 წელს პარიზში დაარსდა, როგორც საერთაშორისო სატელეგრაფო გაერთიანება. 1932 წელს მან მიიღო თავისი დღევანდელი სახელწოდება და 1947 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური სააგენტო გახდა. საქართველო, მაშინდელი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს წარმომადგენლობით საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებაში (ITU) 1993 წლის 7 იანვარს გაწევრიანდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებასთან (ITU) მჭიდრო თანამშრომლობას ახორციელებს 2000 წლიდან, შექმნის დღიდან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, როგორც მარეგულირებელი ორგანო.