წვდომის მენიუ

მარტი 15, 2026 16:27

გოგა გულორდავა: კომისიის ყველა გადაწყვეტილება მომხმარებლის ინტერესებზეა ორიენტირებული

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, გოგა გულორდავა, ბათუმში გამართულ მომხმარებლის დაცვის რიგით მეოთხე საერთაშორისო კვირეულზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა და მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, ასევე ComCom-ის მიღწევები და პროექტები მიმოიხილა. 

„მოგეხსენებათ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის მთავარი პრიორიტეტი და ამოსავალი მომხმარებლები — ჩვენი საზოგადოებაა. ამიტომ კომისიის ყველა პროექტი და გადაწყვეტილება მომხმარებლების ინტერესებზეა ორიენტირებული. როგორც სატელეკომუნიკაციო სფეროს მარეგულირებელი სახელმწიფო უწყებისთვის, ჩვენი მთავარი ამოცანაა, აბონენტებს ჰქონდეთ ხელსაყრელი პირობები როგორც სატელეკომუნიკაციო სერვისების განვითარების, ისე მათი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მედიის მიმართულებით კი ჩვენი მიზანია, საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ფაქტებზე და ჟურნალისტურ სტანდარტებზე დაფუძნებული ინფორმაცია“, — განაცხადა გოგა გულორდავამ. 

თავის სიტყვაში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ სატელეკომუნიკაციო ბაზრის ტენდენციების მნიშვნელოვანი ასპექტები შეაჯამა. კერძოდ, მისი თქმით, მობილური მომსახურებების აბონენტების რაოდენობა 2025 წლის ბოლო მონაცემებით 6.4 მილიონი იყო, საიდანაც „მაგთიკომს“ — 2.6, „სილქნეტს“ — 2.3, „სელფი მობაილს“ — 1.5 მილიონი აბონენტი ჰყავდათ. გოგა გულორდავამ აღნიშნა ისიც, რომ მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობამ 5.1 მილიონი შეადგინა, საიდანაც „მაგთიკომს“ — 1.95, „სილქნეტს“ — 1.80, ხოლო „სელფი მობაილს“ — 1.37 მილიონი აბონენტი ჰყავდათ. რაც შეეხება მობილური ინტერნეტის მოხმარებას საშუალოდ ერთ ადამიანზე თვეში, ComCom-ის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ მაჩვენებელმა თითქმის 16 GB შეადგინა და ყოველწლიურად მზარდია. ტენდენციების მიმოხილვისას, გოგა გულორდავამ  ფიქსირებულ ინტერნეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო მონაცემებით მას 1 208 000 აბონენტი ჰყავდა, ხოლო ჯამში ოჯახების 97% იყენებდა. 

ღონისძიების ფარგლებში გოგა გულორდავამ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიის ინსტრუმენტებსა და პლატფორმებზეც გაამახვილა ყურადღება: „ComCom-მა შექმნა არაერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ აბონენტებმა გაიმარტივონ ინტერნეტის მოხმარება. კერძოდ, კომისიამ შექმნა პლატფორმები, რომლებიც მომხმარებელს 24-საათიან რეჟიმში აძლევს შესაძლებლობას შეამოწმოს ფიქსირებული ინტერნეტის ხარისხი და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს კომისიას, რომელიც კანონის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას.“ — აღნიშნა მან. 

გოგა გულორდავამ სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პროექტის დაწყების დღიდან, კომპანია „ოუფენ ნეტმა“ ComCom-ის მხარდაჭერით 3000 კილომეტრიანი ოპტიკური მაგისტრალი ააშენა, რაც 260 000 მოსახლეს ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს. კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ინტერნეტიზაციის პროექტის მხარდასაჭერად კომისია „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს შერჩეული მუნიციპალიტეტებისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ციფრული ცნობიერების ამაღლებას, მათთვის ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების სწავლებისა და ციფრულ ეკონომიკაში ჩართულობის ხელშეწყობას. „პროექტის დაწყებიდან ჯამურად, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონსა და სოფელში 800-მდე სემინარი ჩატარდა და 10 000-ზე მეტი ბენეფიციარი სრულიად უფასოდ გადამზადდა.“ — განაცხადა გოგა გულორდავამ. 

სიტყვით გამოსვლის ბოლოს გოგა გულორდავამ ტელემაუწყებლობის ნაწილში კომუნიკაციების კომისიის როლზე და მაყურებლის უფლებების დაცვაზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს მედია პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება და 100-ზე მეტი ტელევიზია, საიდანაც 21 ეროვნული მაუწყებელია. მისივე თქმით, მედია მრავალფეროვნებამ და პლურალიზმმა ახალი გამოწვევები შექმნა, კერძოდ დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაცია და ფაქტის, მოსაზრების, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების დარღვევა, რაც მაყურებელზე ნეგატიურად მოქმედებს. 

„აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად ჩვენ უკვე გვაქვს სრულად ევროპული კანონმდებლობა. კომისიის მიზანია, რომ მედიამ დაიცვას კანონი და ჟურნალისტიკის ფუნდამენტური სტანდარტები, რომლებიც აკმაყოფილებენ სიზუსტის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ძირითად პრინციპებს, რათა ჩვენი მაყურებლის ინტერესები იყოს დაცული და მათ ჰქონდეთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ისე ქვეყნის განვითარებისთვის.“ — განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ. 

ღონისების ფარგლებში, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ მოდერაცია გაუწია პანელს, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლების ინტერესებისა და უფლებების დაცვის აღსრულების მექანიზმებისა და დანერგილი სტანდარტების შესახებ დეტალურად ისაუბრეს. 

მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული კომუნიკაციების კომისიის, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, სემეკისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თბილისსა და რეგიონებში იმართება.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები