ComCom-მა ინტერნეტის გამოყენებაში მარტვილში საბავშვო ბაღების მასწავლებლები გადაამზადა
კომუნიკაციების კომისია აგრძელებს „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას მარტვილში, რომლის ფარგლებშიც, ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების შესახებ საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის თანამშრომლები და მასწავლებლები გადაამზადა.
პროგრამის ფარგლებში მარტვილში უკვე 34 ტრენინგი ჩატარდა და 560 ადგილობრივი გადამზადდა. ტრენინგის მონაწილეები სრულიად უფასოდ ეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების გამოყენება, დეზინფორმაციის აღმოჩენა, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება და სხვა. ტრენინგების მიზანი საზოგადოებაში კრიტიკული და ლოგიკური უნარების განვითარებაა.
კომუნიკაციების კომისია ტრენინგებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სამიზნე დასახლებებში ატარებს, მათ შორის სოფლებია: დიდი ჭყონი, დობერაზენი, მეორე გურძემი, მეორე კიწია, მესამე ბალდა, ნაჯახავო, ნახუნავო, ნოღა, ოჩე, პატარა ჟინოთა, საბერულავო, სკურდი, თარგამეული, წინაკვერკვე და ვახა. აღნიშნული დასახლებებიდან 14 წელს ზემოთ პირებს აქვთ შესაძლებლობა უფასოდ მიიღონ ცოდნა და აიმაღლონ ცნობიერება ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ. სემინარების გავლის შემდეგ ბენეფიციარები სერტიფიკატებს მიიღებენ.
