წვდომის მენიუ

თებერვალი 24, 2026 15:03

ComCom-ის თავმჯდომარე ტელევიზიების წარმომადგენლებს მედიის გამოწვევებზე სასაუბროდ შეხვდა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და ComCom-ის წევრმა, ივანე მახარაძემ 40-მდე ტელემაუწყებლის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა მედიის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების, გამოწვევებისა და მიმდინარე აქტუალური თემების შესახებ პოზიციების გაცვლას ემსახურებოდა. ComCom-ის თავმჯდომარემ მაუწყებლების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და განსახილველი საკითხების შესახებ კომისიის ხედვა გააცნო. მისივე თქმით, კომისიის ინტერესს წარმოადგენს მაუწყებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათი საჭიროებებისა და გამოწვევების დეტალურად გაცნობა და გადაჭრის გზების ერთობლივად ძიება, რათა კანონი ეფექტიანად აღსრულდეს და მაყურებლის საუკეთესო ინტერესები იქნეს დაცული. 

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო მაუწყებლობის შესახებ კანონში 2025 წლის აპრილში შესული ცვლილებები, რომლის მიზანსაც ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა წარმოადგენს. ასევე, საუბარი შეეხო პროდუქტის განთავსებისა და სარეკლამო კომუნიკაციების წესებს, მაუწყებლების დაფინანსების საკითხებს, სარეკლამო შემოსავლებსა და სხვა აქტუალურ თემებს. გარდა ამისა, კომისიის წარმომადგენლებმა განიხილეს ComCom-ის მიერ შემუშავებული და გამოქვეყნებული სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც მედიის წარმომადგენლებისთვის მარეგულირებელი სტანდარტების პრაქტიკულ სარედაქციო სახელმძღვანელოს წარმოადგენს და განმარტავს, თუ რას ნიშნავს სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. 

„კომისიის მიზანია, რომ მედიამ დაიცვას ჟურნალისტიკის ფუნდამენტური სტანდარტი, რომელიც აკმაყოფილებს სიზუსტის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ძირითად  პრინციპებს. სანქციები არის ინსტრუმენტი და ჩვენ მას გამოვიყენებთ მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება. თუმცა, ჩვენი სურვილი  და ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან კანონდარღვევები. კომისიის გზავნილი მაუწყებლებთან იყო შემდეგი: დაიცავით კანონი, იმოქმედეთ ჟურნალისტური წესებით და მოგვმართეთ, როდესაც კითხვები გაქვთ. მაყურებელი იმსახურებს მედიას, რომელსაც ენდობა და რომელიც იცავს სტანდარტებს.“ - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და მაუწყებლებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საკონსულტაციო რეჟიმში ComCom-ის შესაბამისი დეპარტამენტები მზად არიან უპასუხონ მაუწყებლების შეკითხვებს და მისცენ რეკომენდაციები. 

შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ტელემაუწყებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ დაესვათ კითხვა ან დაეფიქსირებინათ მოსაზრება, ComCom-ის ინიციატივით გაიმართა, ვინაიდან კომისიის ამოცანაა მაუწყებლებთან დიალოგის რეჟიმში ითანამშრომლოს. აღსანიშნავია, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრები კანონის ეფექტიან აღსრულებაზე დადებით გავლენას მოახდენს, რაც საბოლოო ჯამში მაყურებლის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები