ComCom-ის თავმჯდომარე MWC-ის ფარგლებში პორტუგალიის, ხორვატიის, ლიეტუვისა და სლოვენიის მარეგულირებლების ხელმძღვანელებს შეხვდა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესის (MWC) ფარგლებში პორტუგალიის, ხორვატიის, ლიეტუვისა და სლოვენიის კომუნიკაციების მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართეს. გარდა ამისა, გოგა გულორდავა მალის კომუნიკაციის სამინისტროსა და Smart Africa-ს პირველ პირებს შეხვდა.
პორტუგალიის ეროვნული კომუნიკაციების ორგანოს (ANACOM) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან, სანდრა მაქსიმიანოსთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა უწყებებს შორის მრავალწლიან თანამშრომლობას. ამასთან, გოგა გულორდავამ აღნიშნა, რომ ComCom-ისთვის ინფრასტრუქტურის გაზიარების კანონისა და ინფრასტრუქტურის ციფრული რუკის პროექტზე ANACOM-ის მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით ღირებული იყო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს რეგიონის ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობას და წყალქვეშა დაკავშირებადობის საკითხს, ANACOM-ის თავმჯდომარემ კი აღნიშნულ პროცესში, მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.
ComCom-ის თავმჯდომარე, გოგა გულორდავა ასევე შეხვდა ხორვატიის ქსელის ინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანოს (HAKOM) პრეზიდენტს, ტონკო ობულჟენს, რომელსაც მადლობა გადაუხადა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში მხარდაჭერისთვის, როგორებიცაა ტელეკომ ბაზრის ანალიზი, 5G აუქციონების გამართვა და მარეგულირებელი თემები. მხარეებმა სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.
სამუშაო შეხვედრა შედგა ComCom-ის თავმჯდომარესა და ლიეტუვას კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (RRT) მმართველი საბჭოს თავმჯდომარეს, იურატე შოვიენს შორის. შეხვედრის ფარგლებში გოგა გულორდავამ ყურადღება გაამახვილა RRT-ს უდიდეს წვლილზე ევროკავშირის „დაძმობილების“ (Twinning) პროექტის წარმატებით განხორციელებაში. მათ შორის, ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც რეგიონებში ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად, სწორედ ლიეტუვურ მოდელს ეფუძნება. მხარეებმა შეხვედრის დასასრულს გამოთქვეს მზაობა მედიაწიგნიერებისა და ციფრული წიგნიერების განვითარების მიმართულებით, უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.
გოგა გულორდავა ასევე შეხვდა სლოვენიის რესპუბლიკის საკომუნიკაციო ქსელებისა და მომსახურების სააგენტოს (AKOS) დირექტორსა და BEREC-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეს, მარკო მიშმაშს. შეხვედრაზე აღინიშნა AKOS-ის წარმატებული გამოცდილება მარეგულირებელ საკითხებში. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე თანამშრომლობას, როგორებიცაა ინფრასტრუქტურის ციფრული რუკა; სპექტრის მართვა; ბაზრის რეგულირება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
სამუშაო შეხვედრა ასევე გაიმართა ირლანდიის მარეგულირებელი კომისიის (ComReg) წევრთან, რობერტ მოურიკთან, რომლის ფარგლებშიც ComCom-სა და ComReg-ს შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები იყო განხილული.
გარდა ამისა, გოგა გულორდავა მალის კომუნიკაციის, ციფრული ეკონომიკისა და საჯარო სამსახურის მოდერნიზაციის მინისტრს, ალგამდუ აგ ილიენეს და Smart Africa-ს აღმასრულებელ დირექტორს, ლასინა კონეს შეხვდა. შეხვედრებზე განიხილებოდა ციფრული ტრანსფორმაციის მიმდინარე ტენდენციები, ასევე, მარეგულირებლების როლი ინიციატივებისა და ინოვაციების ხელშეწყობაში. Smart Africa წარმოადგენს აფრიკის ქვეყნების ალიანსს, რომელიც მიზნად ისახავს კონტინენტზე ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებას, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და ციფრული ბაზრების ინტეგრაციას. ინიციატივა აერთიანებს სახელმწიფო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.
კონგრესის ფარგლებში ComCom-ის თავმჯდომარე სამხრეთ აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ტელეკომუნიკაციების საბჭოს (SAMENA) აღმასრულებელ დირექტორს, ბოკარ ბას შეხვდა, რომლის ფარგლებშიც ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო პლატფორმებში და გააძლიეროს თანამშრომლობა აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ფართო რეგიონის პარტნიორებთან.
MWC ტელეკომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და მობილური ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციების განხილვას ისახავს მიზნად. ამასთან, ღონისძიების მიზანია სხვადასხვა სფეროს თანამედროვე ტექნოლოგიების მწარმოებლების გამოფენაზე დასწრება და სიახლეებისა თუ ინოვაციების გაცნობა. ღონისძიების ძირითად თემებს წარმოადგენს: მე-5 და მე-6 თაობის მობილური ტექნოლოგიების (5G, 6G) განვითარება; დაკავშირებადობა; ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები ტელეკომ ინდუსტრიისთვის; მობილური ქსელების განლაგებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და მონეტიზაციის შესაძლებლობები; მმართველობისა და ინდუსტრიის გაციფრულება; ციფრული ჩართულობა; ქსელების ავტონომიის გაძლიერება; მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორები (MVNO); ციფრული ტრანსფორმაცია და სხვა.
