წვდომის მენიუ

მარტი 03, 2026 18:48

ComCom-ის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ მობილური საკომუნიკაციო სისტემების გლობალური ასოციაციის (GSMA) ორგანიზებით ბარსელონაში გამართულ მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესში (MWC) და GSMA-ს მე-20 საიუბილეო მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს. კონგრესის ფარგლებში კომისიის დელეგაცია მაღალი დონის ღონისძიებებსა და დისკუსიებში მონაწილეობდა. კომისიის თავმჯდომარემ GSMA-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

ღონისძიების ფარგლებში გოგა გულორდავამ შეხვედრა გამართა GSMA-ის მარეგულირებელი საკითხების ხელმძღვანელთან, ჯონ ჯიუსტთან, სადაც კომუნიკაციების კომისიის მიმდინარე პრიორიტეტებზე, განხორციელებულ პროექტებსა და მნიშვნელოვან მიღწევებზე ისაუბრა. ამასთან, გოგა გულორდავამ ხაზგასმით აღნიშნა GSMA-ის ექსპერტიზის მნიშვნელობა კომუნიკაციების კომისიისთვის. მხარეებმა ასევე იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

გარდა ამისა, კონგრესის ფარგლებში ComCom-ის წარმომადგენლები დაესწრნენ მაღალი დონის პროგრამის გახსნასა და პანელურ დისკუსიას „Connecting a World in Motion“, სადაც მონაწილეობდნენ GSMA-ის მარეგულირებელი საკითხების ხელმძღვანელი ჯონ ჯიუსტი, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) გენერალური მდივანი დორინ ბოგდან-მარტინი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალური მდივანი მათიას კორმანი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილე კელი ტი. კლემენტსი, აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის (FCC) თავმჯდომარე ბრენდან ქარი და კვიპროსის რესპუბლიკის კვლევის, ინოვაციებისა და ციფრული პოლიტიკის მინისტრი ნიკოდემოს დამიანუ.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე და წარმომადგენლები ბარსელონაში მდებარე Equinix-ის მონაცემთა ცენტრს ეწვივნენ, რომელიც გლობალური ციფრული ეკონომიკის ინფრასტრუქტურული ქსელის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესისა და GSMA-ის მინისტერიალის პროგრამის ფარგლებში განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა მეხუთე და მეექვსე თაობის მობილური ტექნოლოგიების (5G, 6G) განვითარება, დაკავშირებადობა, ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები ტელეკომ ინდუსტრიისა და მომხმარებლებისთვის, მობილური ქსელების ინფრასტრუქტურა, მონეტიზაციის შესაძლებლობები, მმართველობისა და ინდუსტრიის გაციფრულება, ციფრული ჩართულობა, ქსელების ავტონომიის გაძლიერება, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორები (MVNO), ციფრული ტრანსფორმაცია და ტექნოლოგიების როლი მსოფლიოს უკეთესი მომავლის განვითარებაში.

მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი ტელეკომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას წარმოადგენს და მიზნად ისახავს მობილურ ბაზარზე არსებული ტენდენციების განხილვას, დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ინოვაციების გაცნობასა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების წარმოდგენას. კონგრესის ფარგლებში კომისიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის ღონისძიებებსა და დისკუსიებში, ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მარეგულირებლების ხელმძღვანელ პირებთან, GSMA-ის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები