ComCom-ის თავმჯდომარე გოგა გულორდავა ITU-ს გენერალურ მდივანს, დორინ ბოგდან-მარტინს შეხვდა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესის (MWC) ფარგლებში, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) გენერალურ მდივანთან, დორინ ბოგდან-მარტინთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. დორინ ბოგდან-მარტინი ITU-ს გენერალურ მდივნად როგორც ამერიკის შეერთებული შტატების კანდიდატი 2022 წელს იქნა არჩეული.
ITU-ს გენერალურ მდივანთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ComCom-ისა და ITU-ს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და განხილულ იქნა სამომავლო პერსპექტივები, განსაკუთრებით ციფრული ტრანსფორმაციის, რეგულირების თანამედროვე მიდგომებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით. გოგა გულორდავამ აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისია მომავალშიც გააგრძელებს პროაქტიულ ჩართულობას ITU-ს ინიციატივებში და ასევე, მზად არის ერთობლივ ღონისძიებებსა და რეგიონულ შეხვედრებს საქართველოში კვლავ უმასპინძლოს.
ITU-ს გენერალურმა მდივანმა კომისიის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა ციფრული რეგულირების ქსელის მმართველთა საბჭოს შეხვედრის საქართველოში მასპინძლობისთვის და ქსელის საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საერთო ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვეს და ამ თვალსაზრისით, კონკრეტული სამომავლო მიმართულებები განიხილეს.
ITU წარმოადგენს გაერთიანებული ერების სპეციალიზირებულ სააგენტოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მიმართულებით, რომლის მიზანიც საკომუნიკაციო ქსელებში საერთაშორისო კავშირის ხელშეწყობაა. ITU აერთიანებს 193 ქვეყანასა და 900 კომპანიას, უნივერსიტეტს, ასევე, საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებს. საქართველო ITU-ში 1992 წელს გაწევრიანდა. კომუნიკაციების კომისია კი, შექმნის დღიდან, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს ITU-სთან. დორინ ბოგდან-მარტინი ITU-ს 160-წლიან ისტორიაში პირველი ქალი გენერალური მდივანია.
კონგრესის ფარგლებში ComCom-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მაღალი დონის ღონისძიებებსა და დისკუსიებში, ასევე, გამართეს შეხვედრები კოლეგა მარეგულირებლების ხელმძღვანელ პირებთან, GSMA-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი, რომელიც ბარსელონაში, გლობალური მობილური საკომუნიკაციო სისტემების ასოციაციის (GSMA) ორგანიზებით იმართება, ტელეკომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას წარმოადგენს და მიზნად ისახავს მობილურ ბაზარზე არსებული ტენდენციების განხილვას, დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ინოვაციების გაცნობასა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების წარმოდგენას.
