ComCom-ი მარტვილში 21 აპრილიდან „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ მეორე ეტაპს იწყებს
კომუნიკაციების კომისია 21 აპრილიდან მარტვილის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ მეორე ეტაპს იწყებს, რომელიც დამატებით 15 სამიზნე სოფელს მოიცავს. ლექაჯაიე, პატარა თამაკონი, ალერტი, ბობოთი, ჭაბურთა, ლექობალე, დღვანა, პატარა ინჩხური, მეორე გურძემი, ლეფოჩხუე, ორკა, ლებაჩე, ნოჯიხევი, სტეფან დაბალი და ეწერი - ეს ის დასახლებებია, სადაც 14 წელს ზემოთ ნებისმიერ მცხოვრებს ტრენინგების გავლა უფასოდ შეუძლია. ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა. სემინარებზე დასასწრებად დაუკავშირდით პროგრამის ციფრულ ელჩს ნომერზე: 555 74 28 48.
2025 წლის ნოემბრიდან მარტვილის მუნიციპალიტეტში კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ უკვე 15 სამიზნე სოფელში განახორციელა, რომლის ფარგლებშიც, ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ 56 ტრენინგი ჩატარდა და 900-ზე მეტი ბენეფიციარი გადამზადდა. სემინარები უკვე ჩატარდა შემდეგ სამიზნე სოფლებში: დიდი ჭყონი, დობერაზენი, მეორე გურძემი, მეორე კიწია, მესამე ბალდა, ნაჯახავო, ნახუნავო, ნოღა, ოჩე, პატარა ჟინოთა, საბერულავო, სკურდი, თარგამეული, წინაკვერკვე და ვახა.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროექტის - Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია. ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
