,,რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 23, 2026 17:52
მიღების თარიღი ივნისი 18, 2026
,,რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
1.რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა (შემდგომში-გეგმა) პირველად გამოქვეყნებული იქნა 2006 წელს. ახალი რადიოსისტემების და ტექნოლოგიების დანერგვა, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებაზე საერთაშორისო დონეზე მიღწეული შეთანხმებები და ეროვნულ დონეზე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების სპეციფიკური მოთხოვნები მოითხოვს გეგმის პერიოდულ მოდიფიცირებას, მასში ცვლილებების შეტანის გზით.
2. აქედან გამომდინარე, მომზადებული იქნა საქართველოს კომუნკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისიის“) დადგენილების პროექტი „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც შეესაბამება ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU), ევროკომისიის (EC) და ევროპის საფოსტო და სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაციების კონფერენციის (CEPT) გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, ხოლო მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ამოწურვადი რესურსების მართვა და მათი ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველსაყოფად და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარებისათვის რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება.
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რადიოსიხშირულ სპექტრს ანაწილებს, აგრეთვე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას არეგულირებს კომისია, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმას ადგენს კომისია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ კომისიასთან შეთანხმებით, სახელმწიფოს საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული რადიოსიხშირეების გათვალისწინებით.
5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიანად მართვისა და გამოყენების მიზნით, კომისია უზრუნველყოფს ევროკომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ტექნიკური ნორმებისა და პირობების შესაბამისად ეროვნულ დონეზე ჰარმონიზაციას გეგმაში სათანადო ცვლილებების შეტანისა და ამავე რადიოსიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების გზით.
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის სამართლებრივი აქტები განისაზღვრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება კანონმდებლობით კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიურ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად და ამ თავში აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები, ხოლო მე-12 ნაწილის თანახმად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების მიმართ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო, აგრეთვე მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული წესები.
9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით.
10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
11. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ (დანართი N3) მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) საჯარო კონსულტაციებს მართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღებისას. ამავე წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის პროექტზე კომენტარების წარსადგენად კომისიის მიერ განსაზღვრული ვადა უნდა იყოს სულ ცოტა 30 კალენდარული დღე, რომელიც აითვლება წინამდებარე წესის მე-5 მუხლში მითითებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოქვეყნების დღიდან. ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ 20 სამუშაო დღის ვადაზე ნაკლები.
III. სამოტივაციო ნაწილი
12. კომისიის დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU), ევროკომისიის (EC) და ევროპის საფოსტო და სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაციების კონფერენციის (CEPT) გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს. ასევე, პროექტით განისაზღვრა მცირე რადიუსზე მოქმედი მოწყობილობებისთვის (SRD) განახლებული ტექნიკური პარამეტრები CEPT-ისა და ევროკომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მითითებით, რომლებიც ხელს შეუწყობს რადიოსიხშირული სპექტრის რაციონალურ გამოყენებას.
13. კომისიის დადგენილებით დამტკიცებული რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის ცვლილების პროექტით გათვალისწინებულია:
ა) ცვლილება გეგმის სტრუქტურასა და ფორმატში, რაც შესაძლებელს გახდის ეროვნული გეგმის დაახლოებას/ჰარმონიზაციას CEPT-ის სპექტრის განაწილებასა და გამოყენების ევროპულ ჰარმონიზებულ გეგმასთან (Еuropean Table Frequency Allocations and Applications – ECA Table), რომლის მიზანია საერთო ევროპული სპექტრის ჰარმონიზაციის მიმართულებით თანამშრომლობის გამარტივება და გაუმჯობესება;
ბ) ცვლილება ეროვნული სპექტრის განაწილებაში ITU მომსახურებების შესახებ WRC-2023 კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად;
გ) ცვლილება გამოყენებებში ეროვნულ დონეზე, მათ ნომრებსა და პირობებში 2024-2025 წლებში მიღებული ევროკომისიის გადაწყვეტილებების და CEPT ECC-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე;
დ) CDMA ტექნოლოგიის შესახებ ჩანაწერის გაუქმება 450 მჰც, 800 მჰგ, 1800-1900 მჰც დიაპაზონებში, მოცემული ტექნოლოგიების მოძველების და გამოყენებიდან ამოღების გამო.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომუნიკაციების კომისიის დადგენილების მიღების მიზნით.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე და 1061 მუხლების, IX თავის, 177- ე მუხლის მე-4 ნაწილის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10, მე-11, 47-ე და 472 მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ (დანართი N3) მე-4 და მე-7 მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების მიღების მიზნით;
2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები;
3. საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარმოდგენის ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 2026 წლის 20 ივლისისა. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი №59/ლეხ კაჩინსკის ქუჩა №4 (ყოფილი: ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18) ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge;
4. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2026 წლის 23 ივლისს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს:
ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილება და დადგენილების პროექტი, განმარტებითი ბარათი;
ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
8. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
9. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარატამენტს (ა.ქარუმიძე).
ნათია კუკულაძე წევრი
ანი ვაზაგაშვილი წევრი
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
