საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2026 12:31
მიღების თარიღი იანვარი 22, 2026
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში-კომისია) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტებისა და კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის N7 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების (შემდგომში-კომისიის დებულება) მე–8 მუხლის შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლით.
კომისიის 2023 წლის 26 იანვრის Nგ-23-22/22 გადაწყვეტილებით დამტკიცდა 2023 წლის 26 იანვარს ჩატარებული კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების შედეგი, რომლის შედეგადაც კომისიის წევრი კახი ბექაური არჩეულ იქნა კომისიის თავმჯდომარედ და მისი უფლებამოსილების ვადა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 11 დეკემბრის №5494- Iს დადგენილების თანახმად, განისაზღვრა 2023 წლის 3 თებერვლიდან 2026 წლის 25 იანვრის ჩათვლით. შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარის არჩევის მიზნით, საჭიროა კომისიის თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტებისა და კომისიის დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2026 წლის 29 იანვარი, 11:00 საათი. მისამართი: თბილისი ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქ. 50/18, მე-2 სართული;
2. კომისიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების მიზნით შეიქმნას ხმის დამთვლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირაკლი ბუთბაია, კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე;
ბ) სოფიო კაციტაძე, კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი – ხმის დამთვლელი კომისიის წევრი;
გ) ბონდო გასვიანი, კომისიის აპარატის ადმინისტრაციის უფროსი - ხმის დამთვლელი კომისიის მდივანი;
3. ხმის დამთვლელმა კომისიამ უზრუნველყოს:
ა) კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების რეგისტრაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბეჭდით დამოწმებულ სარეგისტრაციო ფურცელზე (დანართი 1);
ბ) კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაციის დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ, კომისიის თავმჯდომარეობის რეგისტრირებულ კანდიდატთა სიის გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.comcom.ge);
გ) კენჭისყრების ჩატარება, ხმების დათვლა და კენჭისყრის შედეგების შეჯამება;
დ) არჩევნების ყველა ეტაპისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა;
ე) კენჭისყრის ოქმის შედგენა;
ვ) კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 5 საარჩევნო ბიულეტენის დამზადება წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი N2-თ გათვალისწინებული ფორმით, II ტურის საჭიროების შემთხვევაში - განმეორებით 5 საარჩევნო ბიულეტენის დამზადება წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი N2-თ გათვალისწინებული ფორმით;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, სარეიტინგო კენჭისყრის ბიულეტენების დამზადება და სათანადო გამოყენება წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი N3-თ გათვალისწინებული ფორმითა და კომისიის დებულების მე–8 მუხლით დადგენილი წესით (სარეიტინგო კენჭისყრის ბიულეტენი მზადდება იმდენი, რამდენიც საჭიროა ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოსავლენად);
4. კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების რეგისტრაცია წარმოებს ხმის დამთვლელ კომისიაში 2026 წლის 26 იანვრის 10:00 საათიდან 2026 წლის 28 იანვრის 18:00 საათამდე, კომისიის იურიდიულ მისამართზე;
5. კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად რეგისტრაციის უფლება აქვს კომისიის ნებისმიერ წევრს, მიუხედავად იმისა კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რა ვადაა დარჩენილი; კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის მსურველი კომისიის წევრი განცხადებით მიმართავს ხმის დამთვლელ კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ არეგისტრირებს კანდიდატს სარეგისტრაციო ფურცელში; იმ შემთხვევაში, თუ კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს ასახელებს კომისიის სხვა წევრი/წევრები, საჭიროა დასახელებული კანდიდატის თანხმობის წერილის წარმოდგენაც;
6. კომისიის თავმჯდომარის არჩევნები ტარდება კომისიის დებულების მე-8 მუხლით დადგენილი წესით;
7. თუ კომისიის თავმჯდომარეობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების ის ოდენობა, რაც გამარჯვებისთვისაა საჭირო, არჩევნების მეორე ტური იმართება ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის 2026 წლის 2 თებერვალს, 11:00 საათზე; მისამართი: თბილისი ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქ. 50/18, მე-2 სართული; ამ შემთხვევაში გამოიყენება დანართი N2-თ განსაზღვრული საარჩევნო ბიულეტენები, სადაც შეიყვანება 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი;
8. თუ არჩევნებისას ხმები ისე გადანაწილდა, რომ საუკეთესო შედეგის მქონეა მხოლოდ ერთი კანდიდატი ან თუ საუკეთესო შედეგის მქონე ვერც ერთი კანდიდატი ვერ გამოვლინდა, იმავე დღეს ხმის დამთვლელი კომისია უზრუნველყოფს რეიტინგული კენჭისყრის ჩატარებას, საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატის გამოვლენამდე;
9. II ტურში კომისიის თავმჯდომარის ვერ არჩევის შემთხვევაში, არჩევნები ითვლება ჩაშლილად, ხოლო განმეორებითი არჩევნები იმართება არჩევნების ჩაშლიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში;
10. ხმის დამთვლელი კომისია არჩევნების დასრულებისთანავე ადგენს კენჭისყრის ოქმს, რომელიც ცხადდება საჯაროდ და ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.comcom.ge);
11. ხმის დამთვლელი კომისიის მიერ ხელმოწერილი კენჭისყრის ოქმის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გადაწყვეტილებით ამტკიცებს არჩევნების შედეგებს. გადაწყვეტილება მიიღება არჩევნების დასრულებისა და კენჭისყრის ოქმის კომისიისთვის წარდგენისთანავე; კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობა არ აჩერებს ახალარჩეული კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებას;
12. დამტკიცდეს:
ა) კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების სარეგისტრაციო ფურცელი თანდართული სახით (დანართი N1);
ბ) საარჩევნო და რეიტინგული კენჭისყრის ბიულეტენების ტიპიური ფორმები (დანართი N2; დანართი N3);
გ) საარჩევნო ბიულეტენებისა და რეიტინგული კენჭისყრის ბიულეტენების გაცემის აღრიცხვის ჟურნალი თანდართული სახით (დანართი N4);
დ) კენჭისყრის ოქმი (დანართი N5);
13. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) და კომისიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების მიზნით კენჭისყრისთვის შესაბამისი ადგილის მოწყობისა და საარჩევნო ყუთის დამზადების ორგანიზება;
14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;
15. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე;
16. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარეს (ი.ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
