„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის N653/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2026 17:34
მიღების თარიღი ივნისი 11, 2026
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის N653/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე
|
|
|||
|
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 11 ივნისი I. აღწერილობითი ნაწილი |
|||
1. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-131 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მხოლოდ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოა უფლებამოსილი აპარატში პირის დასაქმებისათვის დაადგინოს ძირითადი მოთხოვნები, სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები; ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასანიშნად შეარჩიოს და დანიშნოს პირი; დააწინაუროს, გადაიყვანოს და გაათავისუფლოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირი.
2. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-131 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში საჯარო კონკურსი ცხადდება ყველა იერარქიული რანგის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. პირის დასაქმებისათვის კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული კონკურსის ჩატარების დებულებით.
3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში ,,კომუნიკაციების კომისია”) კონკურსის ჩატარების წესი, ფორმები და პირობები განსაზღვრულია კომუნიკაციების კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის N653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების წესით”.
II. სამოტივაციო ნაწილი
4. 2017 წლის 28 სექტემბრის N653/22 გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების კომისიის აპარატში ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, კანდიდატის შესარჩევად ცხადდება საჯარო კონკურსი ან გამარტივებული საჯარო კონკურსი.
5. 2026 წლის 21 მაისს კომუნიკაციების კომისიამ მიიღო დადგენილება №3 „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
6. 2026 წლის 28 მაისს კომუნიკაციების კომისიის გ-26-19/ 230 გადაწყვეტილებით დამტკიცდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის ახალი სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხა.
7. კომუნიკაციების კომისიის დებულებასა და ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურაში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, აგრეთვე, კონკურსების მართვასთან დაკავშირებული პროცესების გაუმჯობესების მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, კომუნიკაციების კომისიის აპარატში იმ თანამდებობების დასაკავებლად, რომლებიც ექვემდებარებიან რანგირებას, კონკურსის ჩატარების წესის ცვლილება, კონკურსის ერთიანი ფორმის შემუშავება და შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების წესის ახალი რედაქციით დამტკიცება.
III. სარეზოლუციო ნაწილი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლებისა და VI თავის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-131 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს დანართის სახით წარმოდგენილი „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების წესი“ თანდართული სახით;
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის N653/22 გადაწყვეტილება;
3. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge)
გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლს აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე, განახორციელებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
